LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა საპირფარეშოში შესვლა “სპორტი” და თავსატეხია – ნებაყოფლობითი მონობა თუ ლეგალური შრომითი ექსპლუატაცია

“მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს,” – ჩარლზ ბუკოვსკის ამ გამონათქვამის სისწორეში მაშინ დარწმუნდებით, როცა „ნუგეშის“, „ბიუ-ბიუს“, „კოდას“, სიგარეტის, პრესისა და ყვავილების გასაყიდ ჯიხურებში დასაქმებულების სამუშაო გარემოს გაეცნობით. დახლები ან მაცივრები, სასწორი, სკამი და ადგილი სურსათის მარაგისთვის – ძირითადად ეს ყველაფერია, რასაც ჯიხურში შეხვდებით, მაგრამ, სამუშაო ადგილზე, სადაც დასაქმებულები დღე-ღამის უმეტეს დროს -11-12 საათს ატარებენ, არ არის უმთავრესი  – საპირფარეშო! შესაბამისად, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ამ ობიექტებზე მომუშავეთათვის ერთგვარი „სპორტი“ და თავსატეხია.

ნონა (სახელი ამ და მაღაზიაში დასაქმებულთა სხვა შემთხვევაშიც შეცვლილია) – „ბიუ-ბიუს“ ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს. მისი სამუშაო გრაფიკი 09:00 საათიდან – 21:00 საათამდეა. საპირფარეშო ჯიხურში ან ჯიხურთან არ არის, შესაბამისად, ნონას დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოშორებით უწევს წასვლა. მას გაუმართლა – ჯიხურთან ახლოს მისი ნათესავი ცხოვრობს და საპირფარეშოშიც სწორედ მასთან დადის. როგორც ამბობს, გზაში დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, შესვენება კი დღეში 1 საათი აქვს.  

ანალოგიური მდგომარეობა აქვს თეკლასაც. ის სიგარეტის მომცრო ჯიხურში მუშაობს, სადაც 10-დან- 22:00 საათამდე უწევს ყოფნა. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, ჯიხურთან ახლოს ეკლესიაა და საპირფარეშოშიც სწორედ იქ დადის, ამინდის მიუხედავად.

„კოდას“ ჯიხურში დასაქმებული ნათია კი საპირფარეშოში გვერდით მდებარე პოლიკლინიკაში მიდის. თუმცა, ხანდახან ერიდება და მოშორებით მდებარე ფასიანი საპირფარეშოთიც სარგებლობს.

ერთი შეხედვით განსხვავებული მდგომარეობაა მაღაზიათა ქსელ „ნუგეშის“ შემთხვევაში. ქსელი „ნიკორას“ ეკუთვნის და ჯიხურებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ მაღაზიასთან ახლოსაა განთავსებული. როგორც თამუნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მათ აქვთ უფლება, „ნიკორას“ მაღაზიის საპირფარეშოთი ისარგებლონ, თუმცა არის შემთხვევები, როცა მაღაზია ჯიხურისგან საგრძნობლადაა დაშორებული. თამუნას ჯიხურიც ეს შემთხვევაა, სწორედ ამიტომ, მას ალტერნატიული გზის მოძებნა მოუწია და საპირფარეშოში ჯიხურთან ახლოს მდებარე კორპუსის ერთ-ერთ მაცხოვრებელთან მიდის. 

ყველა რესპოდენტი „ფორტუნასთან“ საუბრისას საპირფარეშოების არქონის გამო დისკომფორტს უჩივის, თუმცა სამსახურის სანაცვლოდ ამ დათმობაზე მიდის. მათი ხელფასი დღეში, 11-12 საათიანი სამუშაო გრაფიკისას ნაწილ შემთხვევაში 10-12 ლარია, ნაწილი კი 15-20 ლარს იღებს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასი დღეების მიხედვით ერიცხებათ, მათივე არჩევანით, ძირითად შემთხვევაში, კვირაში 7-ივე დღე მუშაობენ.

შრომის კოდექსში ვკითხულობთ:

  • „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს“.
  • დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.  

„ფორტუნამ“ კითხვით თავად კომპანიებს მიმართა, თუ რა გზას ხედავენ პრობლემის მოსაგვარებლად. „ნიკორაში“ აცხადებენ, რომ „ნუგეშის“ მაღაზიათა ქსელში დასაქმებულები თავიდანვე არიან ინფორმირებულები სამუშაო პირობებზე.

„როგორც წესი, ჯიხურში არანაირი საშუალება არაა საპირფარეშოს გაკეთების. ვცდილობთ, რომ ძირითადად ადგილობრივები დავასაქმოთ. რომელ უბანშიცაა ჯიხური განთავსებული, თანამშრომლებიც იმავე უბანში ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ამ მხრივ შეზღუდულები არ არიან, მთავარია, გააფრთხილონ ხელმძღვანელი. მათ შეუძლიათ მაღაზიის დაკეტვა და საპირფარეშოში გასვლა,“ – აღნიშნეს „ნიკორაში“.

კომპანია „კოდა“ კი აპირებს, დედაქალაქის მერიას მიმართოს, ჯიხურების მიმდებარედ მოძრავი საპირფარეშოების მოწყობასთან დაკავშირებით. როგორც „ფორტუნას“ „კოდას“ ჯიხურების მენეჯერმა, ნინო ჯაჯანიძემ, განუცხადა, მერიას ამ თხოვნით, კომპანიის 11-ივე ჯიხურთან მობილური საპირფარეშოების დადგმაზე უახლოეს პერიოდში მიმართავენ. 

დღევანდელი ბიზნესი ითხოვს მორჩილ თანამშრომლებს. ყველა, ვინც უარს იტყვის უსიტყვო მორჩილებაზე, დაკარგავს სამუშაო ადგილს სხვა მადლიერი ადამიანის სასარგებლოდ, რომელიც ბედნიერი იქნება რომ არსებობის წყარო აღმოაჩინა. თუ სამსახური გინდა ეს ოქროს წესია. არსებობის წყარო – ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ფენის დასაქმებულთა შემოსავალს.

ის, რომ დასაქმებულების უფლებები ყოველდღე, ყოველწუთიერად ირღვევა, არახალია. ამაზე დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა, საუბარი ძირითად შემთხვევაში, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, საუბრადვე რჩება.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები