LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა რამე გაინტერესებთ, დასვით შეკითხვა,ზოგჯერ ვიღაცისთვის „უაზროც“ – ნუ იქნებით “ყველაფერჩიკები”

633
martqaqarumidzenews

კითხვის დასმის “კომპლექსი” ბევრ ადამიანს აქვს, რომელიც ხშირად ბავშვობიდან იღებს სათავეს. “ფორტუნა” გთავაზობთ გადაცემის “7 რჩება ფსიქოლოგისგან” ავტორის და წამყვანის მარტა ქარუმიძის ბლოგს.

იცნობთ ყველაფერში „კომპეტენტურ“ ადამიანებს? დამაჯერებელი ტონითა და მზერით, რომ ცდილობენ თქვენც დაგაჯერონ ის, რაც თავადაც არ იციან, მაგრამ ამის აღიარება მათთვის იმდენად რთულია, რომ ურჩევნიათ „კომპეტენტური“ სახე შეინარჩუნონ.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ კითხვის დასმის ერთგვარი „კომპლექსი“ მოდის ბავშვობიდან. მაგალითად, როგორ რეაგირებდნენ უფროსები, მათ შორის პედაგოგები, ბავშვის მიერ დასმულ კითხვებზე, აძლევდნენ კითხვის დასმის საშუალებას, თუ რეალურად ბავშვის ინტერესი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით ითრგუნებოდა, არ უხსნიდნენ, ხდებოდა დაცინვის საბაბი.

დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ყველაფრის ცოდნა სავალდებულო არ არის. კომპეტენტური სახით იმის მტკიცება, რაც რეალურად არ გესმით, სულაც არ ამტკიცებს, რომ „მაგარი“ ხართ. დამიჯერეთ, ხშირ შემთხვევაში ეს ბევრად კომიკურია, ვიდრე გულწრფელი აღიარება, რომ “არ იცით”.

კითხის დასმა „არ ტეხავს“. ტეხავს ის, როცა ოდნავ დამცინავი, ამაყი გამომეტყველებით ისაუბრებთ იმაზე, რაც არ გესმით და მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.

„შენ ყველაფერი უნდა იცოდე“, – ალბათ გსმენიათ ასეთი ფრაზები მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მენეჯერებისგან. დაფიქრებულხართ ან გიკითხავთ – რატომ უნდა იცოდეთ ყველაფერი? საშუალო სკოლა გაძლევთ ზოგად ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით. შემდეგ ირჩევთ პროფესიას ან საქმიანობას. ჰოდა, რატომ უნდა იცოდეს მათემატიკოსმა იურიდიული ტერმინები და კანონები, ან იურისტმა – მებაღეობა.

კარგია, რომ დროსთან ერთად არასწორად დამკვიდრებული მიდგომებიც იცვლება. ახალი თაობა ბევრად თავისუფალია კითხვის დასმის კომპლექსებისგან, რადგან იციან, მეტი შეკითხვა მეტ პასუხს ნიშნავს, შესაბამისად, მეტი ცოდნა და გამოცდილება ექნებათ.

„ყველაფერჩიკობა“ პროფესია არ არის, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც თქვენზე უკეთ ერკვევა იმ საკითხში, რაშიც თქვენ „ექსპერტობდით“.

ერთი უფროსი მეგობარი მყავს, ბევრი აქვს ნანახი, ნასწავლი და გაგონილი, მაგრამ რაღაც რომ აინტერესებს, უსმენს და ეკითხება როგორც უფროსებს, ასევე, მასზე გაცილებით უმცროსებს, რადგან ფიქრობს, ცოდნა ასაკით არ განისაზღვრება და უმცროსისგან შეიძლება ის გაიგოს, რაც მასზე უფროსმაც კი არ იცის.

ჰოდა, დასვით რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, ზოგჯერ ვიღაცისთვის „უაზროც“, დამიჯერეთ, “ყველაფრის მცოდნე”, კომიკურ პერსონაჟად ჩამოყალიბებას კითხვის დასმა სჯობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები