LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა კოლეგების ყურადღების მიპყრობას მოინდომებთ, ეს ზარი გააწკარუნეთ – ნატო ჩხეიძემ მიხეილ სარჯველაძეს ზარი აჩუქა

54
Untitled design

„მინდა სახსოვრად ზარი გადმოგცეთ, რომ როცა კოლეგების ყურადღების მიპყრობას მოინდომებთ, ეს ზარი გააწკარუნოთ, ხელსაც აღარ დაიზიანებთ“, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს.

„ბატონო მიხეილ, სანამ ქალბატონ სოფიოს რამდენიმე შეკითხვას დავუსვამდე, ნება მომეცით, ჩვენი, დეპუტატების უფლებებზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. დიახ, ჩვენ, დეპუტატებს გაგვაჩნია მოვალეობები, რეგლამენტის დაცვის კუთხით და გაგვაჩნია აგრეთვე, უფლებები პოლემიკაში შესვლის თვალსაზრისით.

ბატონო მიხეილ, თქვენ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ რეგლამენტის თვითგაფართოების დროს, მხოლოდ მაგიდასთან ურთიერთობით შემოიფარგლეთ და ეს ბევრად წინ წასული შემთხვევაა თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ნერვების ვერ მოთოკვის შემთხვევაში, მის წინ მდგომ ადამიანებს ურტყამენ ხოლმე თავში და მერე გვეუბნებიან, საცემი იყო და ამიტომო. სწორედ ამიტომ, ტექნიკური შესვენების დროს, გავედი, შევიძინე პატარა ზარი, მინდა თქვენ სახსოვრად გადმოგცეთ იმისათვის, რომ მომავალში, როცა მოინდომებთ კოლეგების ყურადღების მიპყრობას, ეს ზარი გააწკარუნოთ, ხელსაც აღარ დაიზიანებთ და მომატებული ადრენალინიც ამ ზარის წკარუნს თან გაჰყვება. ნება მომეცით, ეს ზარი გადმოგცეთ კითხვა-პასუხის შემდეგ“, – განაცხადა ჩხეიძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ნატო ჩხეიძეს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ „მის ხელზე ნუ იდარდებს“.

„რა კარგია, მეც გამოვეხმაურები, ლირიული გადახვევა გავაკეთოთ, თქვენ ჩემ ხელზე მაინც და მაინც ნუ იდარდებთ, რადგან ამით მაინც და მაინც დიდი ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ ჩემი კოლეგა დეპუტატების ყურადღება სხვანაირად რომ ვერ მივიქციე, ეს კი გითხარით, თქვენ ამას საწყენად ნუ მიიღებთ. საჩუქრისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მქონოდა სხვათა შორის ეს ნივთი, რა კარგი იქნებოდა, რომ მართლაც ამით ვისარგებლებდი და შეიძლებოდა უფრო ლამაზად გამოჩენილიყო ეს ყველაფერი. ამ ნივთის ჩუქებას, არ ჯობდა, ჩვენი კოლეგებისთვის გვეთქვა და შევთანხმებულიყავით, რომ საჭიროებას ნუ გავაჩენდით, თუნდაც ზარის დაწკარუნების, ან ხელის მაგიდაზე დარტყმით ყურადღების მიქცევის, ეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თორემ ასე შეიძლება მეგაფონიც მოგეტანათ და საყვირალი გაგვეხადა ერთმანეთისთვის საქმე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები