“ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში” ელიან, რომ 2023 წლის დასაწყისიდან როგორც მეორეულ, ისე ახალ ავტომობილებზე ფასები დამატებით 10-15%-ით გაიზრდება და ფასების მატების ტრენდი მომავალშიც შენარჩუნდება.
როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ “ბიზნეს ფორმულასთან” აღნიშნა, ფასების ზრდას გლობალურად დაჩქარებული ინფლაცია, რეცესიის მოლოდინი და ასევე მიწოდების ჯაჭვით გამოწვეული გაზრდილი ხარჯები განაპირობებს.
“ნებისმიერი ტიპის ავტომობილზე ფასი წელს საშუალოდ 30-40%-ით გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტადაც. ველოდებით, რომ უკვე ახალი წლიდან როგორც ახალი, ისე მეორეული მანქანები 10-15%-ით კიდევ გაძვირდება. ის ავტომობილები, რომლებიც წლის ბოლოსთვის უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში, უკვე გზაშია, ახალი მარაგების შეკვეთა კი გლობალურად გაზრდილი ხარჯების გამო, უფრო ძვირი დაჯდება, რაც პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე. მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როცა ინფლაცია უტევს ყველაფერს, ველით რომ ფასების ზრდის ტემპი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება”, – აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავტომობილების როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. მიმდინარე წლის 10 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 13.4%-ით გაიზარდა. ხოლო ექსპორტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51.7%-ითაა გაზრდილი და ექსპორტის ღირებულება $661.3 მილიონს გაუტოლდა.
როგორც “ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” დამფუძნებელი აღნიშნავს იმპორტ-ექსპორტის ღირებულების ზრდა ძირითადად გაზრდილმა ფასებმა განაპირობა. დარგში არსებული გამოწვევები კი კვლავ პრობლემად რჩება.
“რიცხვები შთამბეჭდავია, მაგრამ უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქმე ისაა, რომ ეს ზრდა ძირითადად მანქანების გაძვირებითაა გამოწვეული. ჩვენ, რომ ავტომობილების რაოდენობრივ ზრდას ჩავხედოთ, ვნახავთ რომ იქ მატება მხოლოდ, საშუალოდ, 15-20%-ია, რაც ასევე კარგია, თუმცა არარელევანტურია მთლიანი მოცულობის ზრდასთან. სინამდვილეში, სექტორში არსებული პრობლემები ჯერ ისევ მოუგვარებელია და მათ შორისაა ლოგისტიკა. დღეს თითო მანქანის ქვეყანაში შემოყვანას 3-4 თვე მინიმუმ სჭირდება, ეს კი რადიკალურად ზრდის ხარჯებს”, – განმარტავს ალექსი ნონიაძე.
წყარო: ბიზნეს ფორმულა