იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა.
პარლამენტის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სტამბულის კონვენციის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას ბარამიძეს დეპუტატმა გიორგი ლომიამ ჰკითხა, კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება თუ არა ტრანსგენდერებსა და ტრანსგენდერი ჩაითვლება თუ არა ქალად.
”ეს არის ცალკე კანონმდებლობის თემა. ვშიშობ, რომ ჩვენი კანონმდებლობა მთლად ცალსახა ამასთან დაკავშირებით არ არის. ეს ამ კონკრეტული ცვლილებების თემა არ არის. ბუნებრივია, უნდა ჩამოვყალიბდეთ – როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა, რომ ჰქონოდა. თუმცა ეს მოცემული კანონმდებლობის თემა არ არის. ეს სხვა კანონმდებლობის თემაა”, – განაცხადა ბარამიძემ.