”რივერ პლეიტის” მთავარ მწვრთნელს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძეგლს დაუდგამენ.
მარსელო გალიარდომ ეს დაიმსახურა: ”რივერმა” მისი ხელმძღვანელობით გასულ წელს ლიბერტადორესის თასი მოიგო. გუნდის ხელმძღვანელობამ მადლიერების გამოხატვა სწორედ ასე გადაწყვიტა.
”რივერ პლეიტის” საშინაო მოედნის, ”მონუმენტალის” ტერიტორიაზე გალიარდოს ქანდაკებას დადგამენ. ბრინჯაოს სკულპტურა სიმაღლეში 6,70 მეტრი იქნება, წონით – 6,3 ტონა.
ეს ქანდაკება მსოფლიოში ყველაზე დიდი მათ შორის, რაც კი ოდესმე ფეხბურთელების, ან ფეხბურთში მოღვაწე პირებისთვის დაუდგამთ.
”რივერის” ხელმძღვანელობამ ფანებს ამ წამოწყებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ყველა გულშემატკივარი, რომელიც ქანდაკების დამზადებაში წვლილს შეიტანს, კლუბისგან დასაჩუქრდება. მონუმენტის პრეზენტაცია 2019 წლის დეკემბერში იგეგმება.
გასულ წელს ”რივერ პლეიტმა” ლიბერტადორესის თასის ფინალში თავისი მოსისხლე მტერი, ”ბოკა ხუნიორსი” დაამარცხა.