LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისკიანი სილამაზე – რა დაავადებებს იწვევს სოლარიუმი

დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება კიდურებში, გულის აჩქარება, ციებ-ცხელება – თუ სოლარიუმში ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი, ეს სიმპტომები თქვენთვის უცხო ნამდვილად არ იქნება.

რუჯის მოყვარულთათვის სეზონს მნიშვნელობა არ აქვს, სოლარიუმი  მათთვის გარუჯვის საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სმენია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, სოლარიუმის მომხმარებლები საფრთხეს რეალურად არ აღიქვამენ და გარუჯვის მარტივს გზას მაინც მიმართავენ. „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“,  – თავს ყველასთვის კარგად ცნობილი ფრაზით იმართლებენ, თუმცა, მსხვერპლსაც გააჩნია. გარუჯვის მარტივმა გზამ შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

ქეთი რამიშვილი რუჯის მოყვარულთაგან ერთ-ერთია, რომელიც სოლარიუმს საკმაოდ ხშირად სტუმრობდა, საფრთხეების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა არ დაიჯერა  მანამ, სანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნა. პრობლემებს სწორედ სოლარიუმს უკავშირებს.

„ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა მქონდა, შემდეგ კი უფრო გამირთულდა. ექიმებს ესე დაზუსტებით არ უთქვამთ, რომ სოლარიუმის ბრალი იყო, მაგრამ მე სწორედ ამას ვუკავშირებ. მას შემდეგ სოლარიუმში აღარ დავდივარ და ყველას ვურჩევ, რომ არ იარონ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ქეთი.

ქეთისგან განსხვავებით, 23 წლის გვანცა კუჭუხიძემ ზუსტად იცის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ სოლარიუმის ბრალია. გარუჯვის ამ მეთოდს ისიც ძალიან ხშირად მიმართავდა, ყოველდღიურად დადიოდა გასარუჯად და თან საკმაოდ დიდი ხნით ჩერდებოდა, პრობლემებმა კი მალე იჩინა თავი.

„რუჯი ძალიან მიყვარს, ამიტომ სოლარიუმში სისტემატიურად დავდიოდი. მოგვიანებით შევამჩნიე, რომ სხეულზე ხალების რაოდენობა გაიზარდა, სახეზე ლაქები გამიჩნდა, ექიმთან მივედი და პირველი, რაც მითხრა, სოლარიუმს აღარ გაეკაროო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმკურნალობდი, რომ პრობლემები გამოსწორებულიყო,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ გვანცა.

რა დაავადებებს იწვევს სოლარიუმი

მელანომა, კანის კიბო, თვალის დაავადებები – ეს ჯანმრთელობის ის სამი ძირითადი პრობლემაა, რაც სოლარიუმში სიარულმა შეიძლება, გამოიწვიოს. რისკჯგუფს განსაკუთრებით არასრულწლოვნები და 35 წლამდე ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა, აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ღია ფერის კანის და თვალის ფერის მქონე ადამიანები.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ სოლარიუმი, განსაკუთრებით 35 წლამდე ასაკის პირებმა. თუ მაინც აპირებს ადამიანი სოლარიუმში სიარულს, მაშინ, მაქსიმუმ, 5 წუთი უნდა გაჩერდეს,“ – ამბობს ლელა სტურუა.

სოლარიუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან ზომიერება.

„ესთეტიკა და სილამაზე გასაგებია, მაგრამ ყველაფერს თავის ზომა აქვს და სოლარიუმის მომხმარებლებმა ეს ზომა აუცილებლად უნდა დაიცვან,“ – აცხადებს სერგეენკო.

საფრთხე რეალურია, ჯანმრთელობისთვის შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზები კი – რთული. სპეციალისტები არათუ სოლარიუმის კატეგორიული წინააღმდეგები არიან, ისინი მოსახლეობას მზის სხივებთან კონტაქტის დროსაც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. რუჯის მიღება დილის 11 საათამდე და საღამოს 18 საათის შემდეგ არის მიზანშეწონილი. მანამ, სანამ მოქალაქეები „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ ფრაზით იმართლებენ, „ჯანმრთელობის ფასი არაფერია“ – ამტკიცებენ სპეციალისტები.

 

გვანცა ბზიავა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები