ზუგდიდში, მეგრული ენის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.
აქციის მონაწილეები დადიანების სასახლეთა ეზოში შეიკრიბნენ. მათი თქმით, მეგრული ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, რის გამოც მის გადასარჩენად როგორც სახელმწიფომ, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
აქციის მიმდინარეობისას მეგრული სიმღერები გააჟღერეს, აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა კი მოქალაქეებს მეგრულად მიმართეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ბუკია პრობლემისადმი კომპლექსური და სწორი მიდგომის საჭიროებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
“ამას მოჰყვება მერე ყველაფერი დანარჩენი – უნდა შემოიღონ სწავლება, გაიხსნას მეგრული ტელევიზია, რადიო, დაიბეჭდოს პრესა. ჩემი ბიძაშვილი კორსიკაში იმყოფება. მირეკავს და მეუბნება, ირაკლი, იცი რა ვნახე? ტრაფარეტებზე აწერია კორსიკულად და ფრანგულადაც. კორსიკაში თურმე მეოთხე კლასამდე სწავლობენ ფრანგულად, მეოთხედან მეშვიდემდე კორსიკულად და მერე ისევ ფრანგულად, ასე შერეულია. ფრანგული სახელმწიფო ენაა და ამასთან ერთად კორსიკული ენაც. ასეთი რაღაცები გადმოვიტანოთ ევროპიდან”, – თქვა ირაკლი ბუკიამ.