ჩუმათელეთი–ხევის დეტალური პროექტის მომზადება იწყება. როგორც “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარტსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, ჩუმათელეთი–ხევის დეტალური პროექტის მომზადება დაიწყო.
ამ ეტაპზე, E60 ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის მშენებლობის დეტალური პროექტის მოსამზდებლად წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები გაიხსნა. აღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი ჩუმათელეთი-არგვეთას (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) გზის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი საგზაო მონაკვეთია.
ფინანსური წინადადებები გაიხსნა ასევე, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის. აღნიშნული 14-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის, აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელებას წარმოადგენს. ახალი გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გამოვა.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.