LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო აფხაზავა სკოლებში „დედაენის“ დაბრუნებას ეწინააღმდეგება: „თითქოსდა პატრიოტიზმში შეფუთული სრულიად გაუგებარი ინიციატივა…“

rezo-afxazava

განათლების ექსპერტი, რეზო აფხაზავა არ მიიჩნევს მართებულად, სკოლებში კვლავ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ისწავლებოდეს. შეგახსენებთ, რომ „დედაენის“ სკოლებში დაბრუნების მიზნით მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. ამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტმა საკუთარი მოსაზრება „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

რეზო აფხაზავა:

„ჩემი ღრმა რწმენით, გოგებაშვილის სახელმძღვანელოს წარმატების მთავარი განმაპირობებელი იყო სამი ძირითადი პრინციპის ერთობლიობა: I. გოგებაშვილი დაეყრდნო, ი მ დ რ ო ი ს თ ვ ი ს ინოვაციურ და თანამედროვე დასავლურ მეთოდოლოგიას (რომელიც რუსეთის გავლით მოხვდა საქართველოში); II. მან მოარგო სახელმძღვანელოს ტექსტები მოსწავლეთა, ი მ დ რ ო ი ს თ ვ ი ს არსებულ ინტერესებს და III. მან გაითვალისწინა კოლეგების კრიტიკული მოსაზრებები და მრავალჯერ ძირფესვიანად გადაამუშავა და შეცვალა თავისივე სახელმძღვანელო (მათ შორის მეთოდიც).

დღეს, სამწუხაროდ, თითქოსდა პატრიოტიზმში შეფუთული ამ სრულიად გაუგებარი ინიციატივით ხდება მისი ამ სამივე ძირეული პრინციპის უგულებელყოფა! ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს თანამედროვე რესურსის შექმნას თავისი მომავალი თაობისათვის წერა-კითხვის სასწავლებლად და მეცხრამეტე საუკუნის სამუზეუმო ექსპონატებს უბრუნდება, ძალიან ბუნდოვანი მომავლის წინაშე დგას!

თან, ამაზე დროის და კალორიების ხარჯვა ხდება მაშინ, როდესაც სახელმძღვანელოების შექმნის არსებული სისტემა (გრიფირება) სრულიად არაადეკვატური და არაეფექტურია (ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ). ეს სისტემა ავტორებს ს ა მ თ ვ ე შ ი სთხოვს სახელმძღვანელოს შემუშავებას (!!!), ექვსი თვე ანდომებს მათ შეფასებას და მაინც ვერ ახერხებს ამ შეფასების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზების თავიდან აცილებას. იმის ნაცვლად, რომ ახლა კანონმდებლები, აღმასრულებლები და საზოგადოება იმით ვიყოთ დაკავებული, როგორ შევქმნათ სახელმძღვანელოების მოქნილი მოდელი, რომელშიც ჩართული იქნებიან უნივერსიტეტები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, ჩვენ რას ვაკეთებთ? ვებრძვით ქარის წისქვილებს! 🙁

დარწმუნებული ვარ, დღეს რომ იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი იყოს, ამ ინიციატივის ყველაზე დიდი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე თავად იქნებოდა!

P.S. სულმოუთქმელად ველი, როდის გახდის ჯანდაცვის კომიტეტი სავალდებულოს კარაბადინით მკურნალობას ჩვენს საავადმყოფოებში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები