განათლების ექსპერტი, რევაზ აფხაზავა „ფეისბუქზე“ ვრცლად წერს, რატომ არ არის გამოცდა განათლების მამოძრავებელი ძალა და რა არის კარგი იმ სიახლეში, რომლის შესახებ განათლების სამინისტრომ ახლახან განაცხადა.
რეზო აფხაზავა:
„მოკლედ, გამოცდა არ არის განათლების მოტივატორი და მისი ორიენტირების განმსაზღვრელი! უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომ დღეს საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი თავის ფუნქციას მარჯვედ ვერ ასრულებს და არ უნდა გვეგონოს, რომ გამოცდებით ან მათი გაუქმებით, სკოლას გავაძლიერებთ.
ახლა ცოტა უფრო ვრცლად (სულ ერთ ფურცელში 🙂 ) :
ზოგიერთს გამოცდა განათლების მამოძრავებელ ძალად მიაჩნია და ამიტომ უნდა განიმარტოს, რომ იგი აჩენს არა განათლების მიღების, არამედ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მოტივაციას. ხოლო გამოცდისთვის მზადების პროცესი კი არ არის განათლება მისი საუკეთესო გაგებით.
გამოცდას აქვს (უნდა ჰქონდეს) კონკრეტული მიზანი და დანიშნულება. ჩვენს შემთხვევაში, საატესტატო გამოცდების მიზანი მთლინად დაკარგულია, ხოლო ზოგადი უნარების გამოცდის კი მიუღწეველი.
- საატესტატო გამოცდები
სულ ცოტა ხნის, მაგრამ მრავალი რეფორმის, წინ საატესტატო გამოცდების მიზანი იყო ეროვნული გამოცდების სიმძიმის სკოლებზე გადმოტანა და ამით სასკოლო განათლების მნიშვნელობის გაზრდა (მისი მიღწევადობაც ცალკე საკითხია). ეს მიზანი განათლების პოლიტიკის სწრაფ-ხშირი ცვლილებების ფონზე საერთოდ დაიკარგა. სამაგიეროდ მივიღეთ ზოგადი განათლების მინიმალური კომპეტენციის დაძლევის შემაფასებელი კვაზი-სისტემა. განათლების მიზნები ძალიანაც მშვენიერი გვაქვს, თუმცა ეს გამოცდები მათი მიღწევის შესამოწმებლად არ გამოდგება.
საატესტატო გამოცდები, მეტწილად, ამოწმებს ახსოვს თუ არა მეთერთმეტე კლასელ ვანოს 2018 წლის 24 მაისის დილის ათის ნახევარზე, რომ კუთხეს ორ ტოლ ნაწილად გამყოფ სწორ ხაზს ეწოდება ბისექტრისა და არა დირექტრისა. შეუძლია თუ არა ვანოს ამის გამოყენება ცხოვრებაში, ეს ჩვენთვის ბოლომდე უცნობი დარჩება. ამით უნდა გავიგოთ ჩვენი სკოლები თავის ფუნქციას კარგად ასრულებენ თუ არა? ამით უნდა შევაფასოთ მიაღწია თუ არა ვანომ ეროვნული განათლების მართლაც მნიშვნელოვან მიზნებს? ამით ერთობოდა კომენსკი? 🙂 მოკლედ ამ გამოცდებმა აზრი კი დაკარგა, მაგრამ, სამაგიეროდ, მეორე სუნთქვა გაუხსნა რეპეტიტორობის ინსტიტუტს და გაჭირვებული ოჯახის შვილები კიდევ უფრო არათანაბარ პირობებში ჩააყენა. სახელმწიფომ იცის (ეროვნული და საერთაშორისო შეფასებებით), რომ ბავშვებმა ბევრი რამე არ იციან, მაგრამ მაინც უწესებს მათ გამოცდას. გამოდის რომ, ამით სახელმწიფო აიძულებს მოსწავლეებს და მათ ოჯახებს სხვაგან ეძებონ გამოსავალი, დახარჯონ ფული და მოაჩვენონ ისევ სახელმწიფოს, თითქოს მან თავისი საქმე კარგად გააკეთა. ასე რომ, ინსტრუმენტი, რომელმაც ფუნქცია დაკარგა და კონტრპროდუქტიული გახდა, გასაუქმებელია!
- ზოგადი უნარების გამოცდა
უნარების გამოცდის მიზანია, ცენტრალიზებულად შეურჩიოს უნივერსიტეტებს აბიტურიენტების საერთო რაოდენობიდან ვინ არის უფრო კარგად მომზადებული და ვინ იმსახურებს უმაღლესი განათლების მიღებას. ანუ, თუ ნიკო მაღალი ქულებით ჩააბარებს ზოგადი უნარების ტესტს, შეიძლება ითქვას, რომ ნიკო მზადაა და კარგად ისწავლის უნივერსიტეტში. თუმცა, კვლევებმა გვაჩვენა, რომ წინასწარმეტყველების ეს “ბროლის ბურთი” ცუდად მუშაობს და კრებსითი ნიკო სულაც არ არის იმაზე უკეთესი სტუდენტი, ვიდრე კრებსითი ვანო, რომელსაც ნაკლები ქულები ჰქონდა უნარებში. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ინსტრუმენტი არ მუშაობს. გარდა ამისა, კვლევებმა აქაც აჩვენეს, რომ ეს გამოცდაც რეპეტიტორობის გავრცელების ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგია და მნიშვნელოვნად აღრმავებს სოციალურ ნაპრალს.
ხოდა, თუ თქვენი ინსტრუმენტი არ ერგება ჭანჭიკებს, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამასთანავე თითებს გტკენთ, მაინც გააგრძელებთ მის გამოყენებას?
მე აღარ შევაჯამებ და თუ სკოლამ ან რეპეტიტორმა ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარები გაგივითარათ, დასკვნები თავად გააკეთეთ 🙂
P.S. ასეთი პერიფერიული სისტემების ცვლილებებით გარკვეული არასასურველი ტვირთი კი მოიხსნება, მაგრამ განათლების ხარისხის განვითარებაზე არსებითი ზემოქმედება ვერ მოხდება. ხარისხის განვითარების მთავარი სამიზნე დღეს სკოლა და მასწავლებელია! ასე რომ, ამაზე კი ნუ ინერვიულებთ, გემს მიხედეთ, გემს!..“