LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა, ხვალ კიდევ 5 პაციენტის გასაწერად ემზადებიან

86
24254667-10155606302074597-2165190284991507639-o

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკა დღეს 3-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ლევან გოფოძის განმარტებით, ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 38 ინფიცირებული განაგრძობს. მათ შორის რამდენიმეს მწვავე პნევმონია აქვს, თუმცა მართვით სუნთქვაზე ამ ეტაპამდე არც ერთი მათგანი არ იმყოფება. საავადმყოფოში ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი დღეს არ მიუღიათ.

„ამ დროისთვის 68 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, აქედან 38 პაციენტს დადასტურებული კოვიდინფექცია აქვს. როგორც იცით, ჩვენგან უკვე დაიწყო გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც. ამ დილას სამმა დატოვა კლინიკა. რეტესტირების რეჟიმში კიდევ რამდენიმე პაციენტია დღეს და თუ დადასტურდება, ხუთამდე პაციენტს ხვალაც გავუშვებთ, რომლებსაც ზედიზედ ნეგატიური პასუხი ექნებათ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რამდენიმეს პნევმონია აქვს დადგენილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.