რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა უკვე აიღეს გაშლილი კარვები და რიონის ხეობაში აპირებენ დაბრუნებას.
აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ დამოუკიდებლობა ყოველწამიერად არის მოსაპოვებელი, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა ამისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს.
გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლებასთან და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ტალახს ესვრიან დღეს გამარჯვებული რიონის მცველები არიან.
„ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი იყო ის, რომ გვენახა ერთმანეთი და მიგვეცა ერთმანეთისთვის ლეგიტიმაცია იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ყოველდღე უამრავი ადამიანი მოდიოდა აქ, ვაწყობდით მსვლელობებს, რითიც ვაჩვენეთ ხელისუფლებას, რომ ძალა არის ხალხში და თუ ხელისუფლება ხალხის ნებას არ გაითვალისწინებს, ის ვერ იქნება ამ საზოგადოების ხელისუფალი.
როდესაც ვამბობთ იმას, რომ 26 მაისს ადამიანი უნდა იდგეს აქ დღეს, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვშლით ღონისძიებას, რომლიც თავისუფლებაზე მიმდინარეობს. საუბარია იმაზე, რომ ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს ყიდის, ასხვისებს და ჩვენს საერთო ინტერესს უფრთხილდება, არ ვაპირებთ მივიდეთ და მოვუსმინოთ მათ.
ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს და მორალურ ომში დღეს ჩვენ ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან მიმართებაში და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, რომლებიც გვესვრიან ტალახს და ცდილობენ გაამარგინალონ ჩვენი მოძრაობა. ჩვენ ამ მორალურ ომში გავიმარჯვებთ.
ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.