LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეპეტიტორთან არ მივლია“ – აბიტურიენტები, რომლებმაც უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს

969
BeFunky-collage

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყო.

დღეს კი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებიც გამოქვეყნდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ

წელს უნარებში უმაღლესი შეფასება – 80 ქულა არ დაფიქსირებულა. 79 ქულა კი ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა მესამე და მეოთხე ვარიანტებში.

ერთ-ერთი 79 ქულის მფლობელი ანუკი გოცაძეა. მან თბილისის კერძო სკოლა “ქართული სასწავლებელი” დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას აგრარულ უნივერსიტეტში ბიოლოგიურზე გეგმავს.

“2 ქულით დაბალს ველოდებოდი და არ ველოდებოდი, რომ ისეთი ქულა მექნებოდა, რომ მაგაზე მაღალი არავის არ ექნებოდა. პასუხები რომ გამოქვეყნდა, დავჯექი და დავთვალე, ამდენი არა, მაგრამ მაინც მაგარი ქულა გამოდიოდა. როგორც ჩანს, არ მახსოვდა სწორად.

ვერბალური ნაწილის დრო რომ მორჩა და ფურცელს დავხედე ერთი პასუხი არ მქონდა აღნიშნული და გადატანილი, გარტყმით შემოვხაზე და არასწორი აღმოჩნდა. რაც გონებით დავწერე, როგორც ჩანს, ყველაფერი სწორი მქონია.  რეპეტიტორთან არ მივლია, ბოლო წელი ვემზადებოდი სკოლაში. ანალოგიები და რაღაცები ძალიან მიჭირდა. არ მესმოდა რას ემსახურებოდა ეს საგანი. ნელ -ნელა რომ შევეჭიდე და არ დავნებდი, მივიღე ის რაც მივიღე.  ზედმეტი არაფერი მიკეთებია, რასაც მავალებდნენ  მხოლოდ იმას ვწერდი. თუმცა, რომ გითხრათ, რომ სულ 79- ს ვიღებდი, მოგატყუებთ.  მართლა შოკში ჩავარდი რომ გავიგე ჩემი ქულა. მეგობრებთან ვიყავი და ყველა თავის ქულას ყვიროდა. და რომ გავიგეთ ჩემი ქულა ვერსად გავიქეცი, იმიტომ რომ ყველა ზედ მომახტა და თვალები დამიბნელდა და შოკი იყო ჩვეულებრივი,” –  აღნიშნა ანუკიმ “ფორტუნასთან” საუბრისას.

კიდევ ერთი 79 ქულის მფლობელი ნუცა ცირეკიძეა ქუთაისიდან. მან ქუთაისში მე-9 საჯარო სკოლა დაამთავრა, ახლა კი სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოქიმიაზე სურს სწავლის გაგრძელება.

როგორც ნუცამ გაგვიმხილა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებშიც არ აქვს დაბალი შეფასება და მან 70-ი მაქსიმალური ქულიდან 60 ქულა აიღო.

 

“არ ვიცოდი დარწმუნებული არ ვიყავი ამხელა ქულას თუ ავიღებდი ზოგად უნარებში. იმედი მქონდა რომ მაღალ ქულას ავიღებდი, მაგრმ ამდენი არ მეგონა. 1 წელი დავდიოდი რეპეტიტორთან. ოჯახთან ერთად ვიყავი და ძალიან გაგვიხარდა რომ გავიგეთ. დიდი ხანი ვცდილობდით შესვლას და ვნერვიულობდით, გაგვიჭირდა და მერე გაგვიხარდა,” – აღნიშნა ნუცამ “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, გამოცდების შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

რაც შეეხება SMS-ის შედეგების გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).