მოდელის, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შალვა იაშვილმა მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას დაზიანებები მიაყენა.
საქმის პროკურორის ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებულმა ქალმა, გამოკითხვისას თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა. პროკურორის განმარტებით, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე.
სასამართლომ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა.
მოდელმა, რენატა ბეგიაშვილმა 24 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, ბეგიაშვილის ყოფილი მეუღლე კი 25 აპრილს დააკავეს.