ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება არაუგვიანეს ორშაბათისა დაიწყება.
„ქალბატონმა მინისტრმა დღეს ბრძანა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნა “რემდესივირის“ პირველი, საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ამჟამად მიმდინარეობს თვითმფრინავის განტვირთვა. იქ არის შემდეგ საბაჟო პროცედურები, ნებართვის პროცედურები, ლოჯისტიკური საკითხები და ვვარაუდობთ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არა უგვიანეს ორშაბათისა.
მე რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 000 ფლაკონი რათა გამოვიყენოთ იმ პაციენტებთან, ვისაც ეს სჭირდება. თუ ექიმების, ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთ, რომ მედიკამენტმა გაამართლა და შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ შემოიტანოს ახალი პარტია უკვე იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც იქნება მოთხოვნა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკური ჯგუფის ონლაინშეხვედრაც გაიმართა, სადაც კლინიცისტებს ნახალი პროტოკოლი გააცნეს. ამასთან, ცერცვაძემ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზეც ისაუბრა, რომლებიც „რემდესივირის“ გამოყენებას რეკომენდაციას აძლევენ.
“ასევე, ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი კოვიდის დარგში მსოფლიოს წამყვან ლიდერებთან ამერიკასა და ევროპაში და ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერენ მის გამოყენებას. ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტის წამყვანი გაიდლაინის შემდგენელს, ბატონ როი გულიკს და მან დაგვიდასტურა, რომ „რემდესივირი“ საჭირო და ეფექტურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განცხადებით, საწინააღმდეგო აზრის არსებობის მიუხედავად, საქართველოში „რემდესივირის“ შემოტანა გამართლებულია.
ჟურნალისტებთან საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომელ პაციენტებთან მოხდება „რემდესივირის“ გამოყენება. მისივე თქმით, ამ პრეპარატის გამოყენება ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე.
“რემდესივირი“ ენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზებული. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე „რემდისივირის“ გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ ნაჩვენებია. გარდა ამისა, „რემდისივირი“ ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე”- განმარტა ცერცვაძემ.