LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რემდესივირი“ არ ვარგა, მასში 3 ათასის გადაყრა სისულელეა – გიორგი ფხაკაძე

2992
რემდესივირი ფოფხადზე

საქართველოში უკვე დიდი ხანია ანონსდება, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის „რემდესივირი“ გვექნება. მისი შეძენა აფთიაქში ვერ მოხერხდება. მისი მიღება მხოლოდ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

თუმცა არიან ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ წამალი ეფექტიანი არაა. პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, მიიჩნევს, რომ ათასების  „რემდესივირში“ დახარჯვა სისულელეა.

წამალზე, რომელსაც ბევრი ერთადერთ იმედად მიიჩნევს, „ფორტუნა“ გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა.  

ბატონო გიორგი, მთავრობა ამბობს, რომ ორ კვირაში „რემდესივირი“ საქართველოში იქნება. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამ წამალზე? ეს არის ტყუილი იმედი, თუ გვირაბის ბოლოს ნათელი წერტილია, რომლის იმედიც უნდა გვქონდეს?

ბოლო კლევა „რემდესივირთან“ დაკავშირებით ინგლისურ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა. სტატია დაიბეჭდა 5 ნოემბერს და იყო მითითებული, რომ ის არის მძიმე პაციენტებისთვის. კვლევის მიხედვით დაადგინეს, რომ ის ადამიანები, ვინც იღებდნენ „რემდესივირს“, 4 დღით უფრო ნაკლებს ატარებენ ინტენსიური თერაპიის პალატაში. ეს იყო 5 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევა. მაგრამ ამ კვლევის შემდეგ, 20 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელახლა გასცა რეკომენდაცია, რომ „რემდესივირი“ არ არის ეფექტიანი და არ მოუწოდებენ მის გამოყენებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში წერია, რომ წამალი არც ეფექტიანია და არც შველის კოვიდინფიცირებულებს.

ცოტა უცნარია, ასეთი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები… თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ექიმის ალღოთი გრძნობს, რომ მასზე დადებითად იმოქმედა „რემდესივირმა“.

ძალიან ბევრი ქვეყნის, როგორიც არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და ინდოეთი, მარეგულირებელმა სააგენტოებმა გასცეს დროებითი თანხმობა, რომ „რემდესივირი“ გამოიყენონ. ხუთდღიანი კურსი არის ძალიან ძვირი. 3 000 დოლარზე ვლაპარაკობთ ამ ხუთდღიან კურსზე. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა სტატია განიხილა, აწონ-დაწონეს და ექსპერტთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ არაა ეფექტიანი წამალი. ეს არაა ერთი ქვეყნიდან აღებული მონაცემები. სხვადასხვა ქვეყნებიდან შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, ძალიან დიდ ექსპერტთა ჯგუფმა, დაახლოებით 30 დამოუკიდებელმა ექსპერტმა იმსჯელა და გასცა რეკომენდაცია ამ წამალზე.

მათ ადრეც გასცეს რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ხელახლა მოუწიათ რეკომენდაცია, რომ „რემდესივირი“ არაა რეკომენდებული საავადმყოფოში პაციენტებისთვის. მეტი რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ არ შველისო და არც სიკვდილიანობის შემცირებაზე არ მოქმედებსო.

სწორად გამიგეთ, არავის პიროვნულად არ ვეხები. ესაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია და არ დაგავიწყდეთ, რომ „რემდესივირის“ უკან დგას ძალიან დიდი ორგანიზაცია, რასაც ჰქვია „გილიარდი“, რომელიც არის საკმაოდ გავლენიანი ფარმაკომპანია. თქვენ კარგად იცით, ლობირება როგორ ხდება ძალიან ბევრი პროდუქტების ბევრ ქვეყანაში. არ არის გასაკვირი, რომ შეერთებულ შტატებსა და ინდოეთში ამ წამლის ლობირება მოხდა და საქართველოში თუ მოხდებოდა, ამაში რა არის გასაკვირი. ცე ჰეპატიტის წამალიც მგონი საქართველოში „გილიარდით“ არის შემომტანი. შესაბამისად, დასკვნები თავად გააკეთეთ.

ასეთ ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებსა და რეკომენდაციებს ხომ არ უკავშირებთ იმას, რომ მსოფლიო ბაზარზე ფარმაკომპანიებს შორის დიდი ბრძოლაა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არის 30 დამოუკიდებელი ექსერტი, რომლებსაც ფარმაკოლოგიის დავებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჟურნალში დაიბეჭდა მასალა, რომელიც 1000 ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგად გაკეთდა. კვლევამ აჩვენა, რომ 1000 ადამიანიდან რაღაც ნაწილი საავადმყოფოდან შედარებით ადრე გამოვიდა. მაგრამ ექსპერტებმა შეაფასეს არა მარტო ეს კვლევა, არამედ ყველა კვლევა. იმიტომ რომ 1000 და 2000 კაცი არაფერია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გლობალურ წამალზე. შესაბამისად, როდესაც შენ წამალზე საუბრობ, ის ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ჩვენ საქართველო არ უნდა ავყვეთ არც ერთი ქვეყნის რეკომენდაციებს. იმიტომ რომ ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი პოლიტიკური ინტერესი. დიდი ქვეყნებიც კი ამ ლობისტების მსხვერპლი ხდებიან. მე ვიყავი საქართველოში პირველი, ვინც ყვიროდა, რომ „რემდესივირი“ არ ვარგა და შემიძლია, კიდევ გაგიმეოროთ, რომ „რემდესივირი“ არ ვარგა. მე გეუბნებით, რომ არის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და და არის დამოუკიდებელი შეფასებები. შეიძლება სადღაც დაიბეჭდა კვლევა, მაგრამ ის კვლევა ვის მიერ არის დაფინანსებული, ხომ არ ვიცით. ამიტომ არიან ჯანდაცვაში დამოუკიდებელი ექსპერტები. კიდევ ვამბობ, რომ სამი ათასის არაფერში გადაყრა, სისულელეა.

რას არჩენს, რისთვის არის კარგი „რემდესივირი“?

არაფერს არ არჩენს. ეს წამალი ეხმარება მათ, ვისაც ფილტვების ანთება აქვს, რომ შეამცირონ საავადმყოფოში გატარებული დღეები, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ არაფერი ეფექტი არ აქვს. რომ შველოდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველი იტყოდა,  მაგარი არისო.

ბევრ ვაქცინაზეა საუბარი და ამბობენ, რომ შეიძლება რამდენიმემ გაამართლოს. საინტერესოა, არის საუბარი წამალზე, რომელიც უშუალოდ კოვიდს დაამარცხებს?

როგორც ჩემი კოლეგები ამბობენ, 2020 წელი იყო პირბადის წელიწადი და 2021 წელი იქნება წამლისა და ვაქცინის წელი. დარწმუნებული ვარ, რომ იმდენი რესურსი და იმდენი ენერგიაა დახარჯული, რომ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება არაერთი ვაქცინა და ჩვენ ასევე გვექნება არაერთი წამალი, რომელიც დაგვეხმარება მძიმე პაციენტების მართვაში. „რემდესივირთან“ დაკავშირებით თემა დახურულია. ის არაა ეფექტიანი. არის კიდევ ბევრი სხვა წამალი, რომლებზეც ფარმაკომპანიები მუშაობენ და იმედი გვაქვს, რმ 2021 წელს სექტემბერ-ოქტომბერს უფრო მომზადებულები შევხვდებით და ტალღა, რომელიც მომავალ წელს დაიწყება, შევაჩერებთ არა საყოველთაო ჩაკეტვებით, არამედ წამლებითა და ვაქცინებით. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები