„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0 დაამარცხა.
ამ თამაშის შემდეგ ტურინელებმა რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს.
„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოახერხა ზედიზედ 5 გასვლითი თამაშის მოგება. ტურინულმა გუნდმა გასული სეზონიდან მოყოლებული დაამარცხა – პირეოსში – „ოლიმპიაკოსი“, ლონდონში – „ტოტენჰემი“, მადრიდში – „რეალი“, ვალენსიაში – „ვალენსია“ და მანჩესტერში – ადგილობრივი „იუნაიტედი“.
გარდა ამისა, „იუვეს“ უკვე ზედიზედ 9 თამაშია, ინგლისური გუნდების წინააღმდეგ არ წაუგია. ეს სერია 2012 წლიდან იწყება – „მანჩესტერ სიტი“ 1:1, „მანჩესტერ სიტი“ 1:1, „ჩელსი“, 2:2, „ჩელსი“ 3:0, „მანჩესტერ სიტი“ 2:1, „მანჩესტერ სიტი“ 1:0, „ტოტენჰემი“ 2:2, „ტოტენჰემი“ 2:1, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0.
მილანის „ინტერის“ მეკარემ სამირ ჰანდანოვიჩმა საკლუბო რეკორდი დაამყარა.
„ბარსელონასთან“ სტუმრად 0:2 წაგებულ მატჩში ჰანდანოვიჩმა 9 სეივი გააკეთა, რითიც ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერის“ ყოფილი მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს საკლუბო შედეგი გაიმეორა. ტოლდომ 2003 წელს „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სეივების იგივე რაოდენობა მიითვალა.
ჰანდანოვიჩი „ინტერში“ 2012 წლიდან თამაშობს.
„პორტუს“ ესპანელმა გოლკიპერმა იკერ კასილასმა უეფას მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გასვლით მატჩში (3:1) პენალტი მოიგერია – მან მანუელ ფერნანდეშს აჯობა.
ეს მოგერიებული პენალტი კასილასისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩებში რიგით მეოთხე გახდა. ამ მაჩვენებლით ესპანელი ჯანლუიჯი ბუფონს, გრეგორი კუპესა და ანდრეი პიატოვს გაუთანაბრდა – ისინი ტურნირის ისტორიაში მეორე ადგილს იყოფენ. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამი თერთმეტმეტრიანი ესპანელმა მადრიდის „რეალში“ ასპარეზობისას მოიგერია.
რეკორდი ცნობილ გერმანელ გოლკიპერს, ჰანს-იორგ ბუტს ეკუთვნის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ხუთი თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება მოახერხა.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ გამანადგურებელი ანგარიშით (4:0) დაამარცხა.
„ატლეტიკომ“ დიეგო სიმეონეს თაოსნობით დორტმუნდელებთან ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. მსგავსი გამანადგურებელი მარცხი „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან მოყოლებული არ ჰქონია.