LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკომენდაციები მათთვის, ვინც მარხულობს და მათთვის, ვისაც დღესასწაულებზე ზედმეტი კილოგრამების აკრეფა არ სურს

384

27 დეკემბერს „ავტორადიოს“ და ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგი, პროფესორი ქალბატონი ელენე გიორგაძე სტუმრობდა. როგორ ვიკვებოთ, რომ დღესასწაულის დღეებში არ მოვიმატოთ წონაში, როდის მოვაწყოთ განტვირთვის დღე, როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ, რომელი დიეტები აყენებს ორგანიზმს ზიანს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე რადიოს ეთერში ქალბატონმა ელენე გიორგაძემ ისაუბრა.

– ქალბატონო ელენე, რა რეკომენდაციის გათვალისწინება გვმართებს, რათა დღესასწაულის დღეებში არ ავკრიფოთ ზედმეტი კილოგრამები და მივაყენოთ ზიანი ჯანმრთელობას?

– მართალია, თემა ძალიან აქტუალურია, მაგრამ საკმაოდ რთულია რაიმეს რჩევა, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ახალი წლის დღეებში სწორი კვების ნორმების გათვალისწინება. თუმცა, ზომიერების დაცვა მაინც საჭიროა, რადგან რეჟიმის დრღვევა არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის, არამედ წნევასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზეც ნეგატიურად აისახება, დიაბეტით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში კი, ირღვევა ნახშირწყლოვანი ცვლა.

– რა თქმა უნდა, საახალწლო კერძებზე უარს ვერ ვიტყვით, თუმცა როცა ჭარბი წონის პრობლემა გვაქვს, ვფიქრობ გარკვეულწილად მაინც უნდა შევიკავოთ თავი.

– რა თქმა უნდა, სასურველია დღესასწაულის დღეებში ნებისმიერმა გაითვალისწინოს პირადი ექიმის რეკომენდაცია. მართალია, საახალწლო სუფრა ყოველთვის მრავალფეროვანია, თუმცა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის მიხედვით, ნებისმიერმა თავად უნდა განსაზღვროს, რისი მირთმევა შეუძლია და რისი არა. ვერავის ვეტყვით, რომ დღესასწაულებზე, არაფერი მიირთვას, თუმცა, მათ ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, კარგი იქნება თუ ნამცხვარს მოერიდება, კუჭ-ნაწლავის ან ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში კი, თავი შეიკავოს ცხიმიანი საკვებისგან. ზოგადად, საქართველოში ყოველთვის ზედმეტად დიდი რაოდენობით მზადდება საახალწლო კერძები, მოლხენა კი, კვირაზე მეტს გრძელდება, რაც ბუნებრივია, ნაკლებად სასურველია. ამასთანავე, სულაც არაა აუცილებელი ახალი წლის ღამეს მსუყედ მირთმევა, ყველა კერძის მცირე რაოდენობით დაგემოვნებაც აბსლუტურად საკმარისია, რათა არ გადაიტვირთოს ორგანიზმი.

საქართველოში ძალიან აქტუალურია წინა საახალწლო პერიოდში დიეტის დაცვა და წონის დაკლება, ამიტომ  რთულია მოთხოვო ადამიანს დღესასწაულზე თავის შეკავება, თუმცა, სავსებით შესაძლებელია მოერიდოს განსაკუთრებით მავნე, ცხიმიან საკვებს.

– სწორი წვების მთავარი პრინციპი სწორად შეთავსებული პროდუქტია. რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში?

– ზოგადად, სხვადასხვა კერძის მონელებაზე ორგანიზმს განსხვავებული დრო სჭირდება და როცა კუჭში ორი სხვადასხვა ტიპის საკვები ხვდება, ირღვევა პროცესი და ადვილად გადასამუშავებელიც რთულთან ერთად მუშავდება. თუ ადამიანი მიირთმევს სალათს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, არა მაიონეზთ, არამედ ზეითუნის ზეთით მომზადებულს, მისი შეთავსება თავისუფლად შეიძლება ფხალეულთან ან თუნდაც ხორცთან. თუმცა საცივის, ხორცის და ფხალის არევა, განსაკუთრებით ღამის საათებში, რასაც შესვენების გარეშე ტკბილეულიც ემატება, ნამდვილად არაა სასურველი.

– ტკბილეული სააახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია და როცა ტრადიციულ კერძებს ნუგბარიც ემატება, მართლაც გარდაუვალია წონის მატება და განსაკუთრებით მაშინ, თუ ამგვარი პრობლემა ადამიანს ისედაც აწუხებს. ტკბილი საკვების მიღებისას, რაზე უნდა ვიზრუნოთ ყველაზე მეტად?

– ტრადიციულ ქართულ ტკბილეულად ჩურჩხელა, გოზინაყი და ფელამუში ითვლება, ტორტი და ნებისმიერი ნამცხვარი კი, მხოლოდ მოგვაინებით შემოვიდა. გამომდინარე აქედან, სასურველი იქნება, თუ ისედაც გადატვირთულ სუფრას მხოლოდ ტრადიციული ქართული ტკბილეული დაამშვენებს. რა თქმა უნდა, მსუყედ სადილობის და დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ტკბილეულის მირთმევა ნაკლებად სასარგებლოა. სავსებით საკმარისია, საუზმეზე ფელამუშით პირის ჩატკბარუნება, სადილის კი, ტკბილის დაყოლების გარეშე მირთმევა. საახალწლო სუფრა ნიგვზიანი კერძებითაა გადატვირთული, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაღვლისბუშტს. არცერთი პროდუქტის მირთმევა არ შეიძლება უსაზღვროდ, რადგან ამგვარი მოხმარება არა მხოლოდ ჭარბწონიანისთვის,  სავსებით ჯანმრთელი ადამიანისთვისაც მავნებელია. კარგი იქნება თუ 31 დეკემბერს დაწყებული მოლხენის შემდეგ, 3-4 იანვარს მაინც განიტვირთება ადამიანი მსუბუქი საკვებით.

– რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ, მათ ვინც მარხულობს?

– ისევ ტრადიციებს თუ გავიხსენებთ, მარხვის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღე ადამიანი მხოლოდ მოხარშულ საკვებს – კარტოფილსა და ღორის ხორცს მიირთმევდა და ეტაპობრივად ამატებდა სხვა პროდუქტს. გავრცელებულ აზრს, თითქოს მარხვა ორგანიზმისთვის მავნებელია, ვერ დავეთანხმები. სინამდვილეში, საქართველოში ძალიან ცოტა იცავს ნამდვილ მარხვას, რადგან სამარხვო მაინონეზი, შოკოლადი და სხვა მსგავსი პროდუქტის მირთმევა ერთის მხრივ, ორგანიზმს აყენებს ზიანს, მეორეს მხრივ კი, უკვე მარხვა აღარაა.

– ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ მარხვის დროს ადამიანები უფრო მეტად იმატებენ წონაში

– მარხვის დროს მატულობს მადა, რაც არაა გასაკვირი, რადგან ადამიანი არ იღებს საჭირო პროდუქტს – მრავალფეროვან ხილსა და ბოსტნეულს, ხდება ორგანიზმის გამოფიტვა, ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების, შემცირება და სწორედ ამიტომ გრძნობს ადამიანი თავს სუსტად. თავად კი, ჰგონია, რომ მისი სისუსტის მიზეზი შიმშილია და მავნე პროდუქტს ეტანება, რაც ვერასდროს მოამარაგებს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. სწორედ მარხვის არასწორად დაცვის შემთხვევაში იმატებს ადამიანი წონაში.

– ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, როცა პრაქტიკულად ყველა იმატებს წონაში, იწყება დიეტების ბუმი, რომელთა მოძიება თუნდაც ინერნეტის საშუალებით, ძალიან ადვილია. არსებობს ცილოვანი და მონოდიეტები, ე.წ. განტვირთვის დღეები. თქვენი აზრით, რომელი დიეტა უფრო მისაღებია?

– ზოგადად, სიტყვა „დიეტა“ სწორ კვებას და რეჟმის დაცვას ნიშნავს. ენდოკრინოლოგებისთვის ნებისმიერი დიეტა ერთგვარი პროგრამაა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები თუ კონკრეტულ ადამიანზეა მორგებული და მისთვის სარგებელი მოაქვს. თუმცა, უმეტესწილად, ადამიანები ძალიან უცნაურ რამეებს აკეთებენ და მერე უკვირთ, რომ წონაში ვერ იკლებენ. მაგალითად, წიწიბურა ძალიან კარგი პროდუქტია, თუმცა წონის დასაკლებად მხოლოდ გარკვეული რაოდენობით მიღებაა საჭირო. მონიდიეტის დაცვა – სამი დღეა რეკომენდებული, ცილოვანი დიეტა კი, აუცილებლად სწორად უნდა იყოს შერჩეული, რადგან ამგვარი კვება 10 დღეზე მეტი არ შეიძლება. ზედმეტი ცილები ნეგატიურად მოქმედებს თირკმელებზე, რაც შესაძლოა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გამოვლინდეს და ვერავინ მიხვდეს მის გამომწვევ მიზეზს.

ასე რომ, ნებისმიერი დიეტა მედიკოსის მიერ უნდა იყოს შედგენილი და კონკრეტულ პაციენტზე მორგებული მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით. თუ ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელია, შეუძლია დაიცვას 10-დღიანი ცილოვანი დიეტა, თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოს დღის რაციონი და არ მიიღოს ცილა განუნასზღვრელი რაოდენობით.

– რამდენად სასარგებლოა დიდი რაოდენობით წყლის მიღება, ხომ არაა გადაჭარბებული მისი დადებითი ეფექტი?

– წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა მისთვის ჯადოსნური თვისებების მინიჭება ნამდვილად არ ღირს. ზოგი ფიქრობს, თუ დიდი ოდენობით წყალს დალევს, საკვებს აღარ მიირთმევს, თუმცა, მაქსიმუმ 40 წუთში წყალი ორგანიზმიდან გამოდის, მირთმევის მოთხოვნილება კი, რჩება. წყლის დალევასაც თავისი წესი აქვს, ზამთარში სულ მცირე 1,5 ლიტრს, ზაფხულში კი – 2 ლიტრს უნდა შეადგენდეს და რაც მთავარი გარკვეული ინტერვალებით იქნას მიღებული. აქვე ავღნიშნავ, რომ მართალია ვაშლი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ისევ გარკვეული რაოდენობით – დღეში რამდენიმე ცალი და არა რამდენიმე კილოგრამი.

– რატომაა აუცილებელი დიეტის დაცვამდე გარკვეული კვლევის ჩატარება და რატომ არ შეიძლება ერთი ფორმულის ყველასთვის მორგება?

– ერთადერთი ფორმულა, რომელიც ყველას შეიძლება მოვარგოთ – სწორი კვების რეჟიმის დაცვაა, ანუ ყველა ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს, რომ დღეში სამჯერ მიირთვას, საუზმეზე – მეტის, სადილზე შედარებით ნაკლების, ვახშამზე – ძალიან მსუბუქად და მაშინ არასდროს შეაწუხებს ჭარბი წონა. იმ შემთხვევაში კი, როცა ადამინი ენდოკრინოლოგს ზედმეტი კილოგრამების ჩივილით აკითხავს, სწორედ ანამნეზის და გარკვეული კვლევების საფუძველზე ინიშნება დიეტა.

 

 

გადაცემის ლაივი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები