LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულირების სააგენტომ აფთიაქში დიდი ოდენობით გადამალული ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა

59
Untitled design (2)

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.

სააგენტოს ცნობით, მედიკამენტები მაცივრის ძრავთან იყო გადამალული. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აფთიაქი უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას ახორციელებდა და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული.

“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩამორთმეული იქნა ყველა ის მედიკამენტი, რომელთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აფთიაქს არ გააჩნდა. საერთო ჯამში 1087 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პირველი ჯგუფის მედიკამენტებს. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის. უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.

2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 189 ღონისძიება განხორციელდა და 166 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.