ახალგაზრდებმა პოლიტიკური პარტია “რეფორმერი” დააფუძნეს, პარტია 2020 წლის ” საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. სასტუმრო “რუმსში” პოლიტიკური პარტია “რეფორმერის” პრეზენტაცია გაიმართა.
პარტია “რეფორმერი” აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდებს. გუნდის წევრები ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები არიან. პარტიის ლიდერის თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, ახალი პარტიის დაფუძნების მიზანია, შეცვალოს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკურ პროცესებში გზა გაუხსნას ახალგაზრდა წარმატებულ პროფესიონალებს.
პარტიის პრეზენტაციაზე “რეფორმერის” დამფუძნებელმა თორნიკე ჯანაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გუნდის წევრები წარუდგინა და პარტიის ხედვები გააცნო.
“რეფორმერის” ლიდერი თორნიკე ჯანაშვილი: “ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი. ცვლილებების დროა. 30 წელია ვუყურებთ ერთი და იგივე სახეებს, რომლებიც გვპირდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი. ჩვენი გუნდის წევრებს გვაქვს სუფთა წარსული, ჩვენ ვართ ახალი სახეები და სწორედაც რომ ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე.”
ანტუან ბარდონი (საფრანგეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თორნიკე ჯანაშვილის პირადი მრჩეველი): “რეფორმერის” დაარსების პირველივე დღიდან თვალს ვადევნებ “რეფორმერების” აქტივობებს. თორნიკე ჯანაშვილს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ერთად გვქონდა შეხვედრები ბრიუსელსა და გერმანიაში ევროპელ პოლიტიკოსებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია “რეფორმერის” იდეები: თავისუფლება თანასწორობა და მდგრადობა, რაც ძალიან ჰგავს საფრანგეთის კონსტიტუციის მთავარ პოსტულატებს. მივესალმები, “რეფორმერის”, როგორც პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა, რომელთაც აქვთ ევროპული ხედვა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი.”
“რეფორმერმა” უკვე წამოიწყო განსხვავებული საარჩევნო კამპანია. გუნდის წევრების წინაასარჩევნო შეხვედრები და სამუშაო რეჟიმი სოციალურ ქსელში გადის.
“ჩვენ ვართ ღია და გამჭვირვალე ყველასთვის, და ასე გაგრძელდება მომავალშიც”, – განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.
“რეფორმერის” პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტიის მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები: საფრანგეთის ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, IRI, UNDP, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენელები.