LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან“ – კახა ოქრიაშვილი

124
კახა ოქრიაშვილი

PSP ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის მიმართვას „ფორტუნა“ ოქრიაშვილის უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა არის 4,5 % და 2024 წელს, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 5 %. ასევე, გამოქვეყნდა 2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი – 6 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან, ამიტომ არ აქვს ამ ქვეყანას პერსპექტივა.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი – აზიის განვითარების ბანკი

ჩვენნაირ ქვეყანას, პროგრესული, სამართლიანი მთავრობის პირობებში, ყოველწლიურად, ორნიშნა – 10 და მეტპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. დღევანდელი მოცემულობა არის „ოცნების“ ათწლიანი მმართველობის და ქვეყნის ერთპიროვნული მიტაცების შედეგი. ბიზნესის მიმართ მტრული დამოკიდებულება (ანაკლიის პორტი, ნამახვან-ჰესი და ა.შ.), კორუფცია, კონკურენციის შეზღუდვა, სახელისუფლო ბიუროკრატიული წნეხი, ნდობადაკარგული სასამართლო, სადაც სამართალს ვერ იპოვი, მით უმეტეს დროულად – ეს ჩამონათვალი და მრავალი სხვა, არის ეკონომიკის პროგრესის, ე.ი. ჩვენი ქვეყნის განვითარების მტერი.

ვისურვებდი, მომავალში, საქართველოს ჰყავდეს არა ისეთი მთავრობები, როგორიც გვყავდა წარსულში და გვყავს დღეს, არამედ ისეთი, როგორიც ჰყავს მაგალითად ესტონეთს – ჩვენსავით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლის მშპ საქართველოს იდენტური იყო და დღეს, ესტონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ 1990 წელს საქართველოსა და ესტონეთში ერთი და იგივე პროფესიის ადამიანებს ჰქონდათ ერთნაირი ხელფასი, დღეს კი ესტონელს 5,5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ქართველს. ხომ მოახერხეს ესტონელებმა?! ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია!

ჩვენ გვჭირდება და გვეყოლება ახალი, პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა. შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

რომან გოცირიძე: თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები