LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალობას აცდენილია.. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი“ – კალაძე და კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე

220
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს, თბილისის მერი კი ამბობს, რომ ანალენა ბერბოკი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია.

„არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა“,- განაცხადა კალაძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ არ იცის ამ განცხადების კონტექსტი.

„მე არ ვიცი, რა არის ამ განცხადების კონტექსტი. აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 რეკომენდაციის შესრულება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეეხება ბერბოკის კომენტარს, მე კონტექსტი არ ვიცი და გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რაც შეეხება სტიგმატიზაციას და ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიც არის დემოკრატიული უკუსვლა, ოლიგარქიზაცია, კლანი, სახელმწიფოს მიტაცება და ასე შემდეგ, ეს არის საბჭოური მეთოდები“, – განაცხადა მან.

საქართველოში ვიზიტის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ხალხი ევროკავშირის დროშებით გამოვიდა პლურალიზმის და კანონის უზენაესობის დასაცავად.

„გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, – წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.