რეაბილიტაცია „ავლაბრის“ მეტროსაც ჩაუტარდება – მეტროსადგურების განახლების პროექტებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ასევე შეძენილია უკვე მეტროს ვაგონებიც.
„ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციას ვიწყებთ ქეთევან წამებულის პროექტთან ერთად, ასევე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, „გურამიშვილის“ მეტროსადგურზე დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში, საზოგადოებას წარვუდგენთ. მეტროს ვაგონები შეძენილია და როდესაც მოვა იმის დრო, რომ ეს ვაგონები მოგვაწოდონ, ადამიანებს ამ ვაგონების გამოყენებისა და მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ“,- განაცხადა კახა კალაძემ.