LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

62

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს.

როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია  დისტანციურად   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე  www.acda.gov.ge

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის  დადგენილი პირობების დაკმაყოფილების  შემთხვევაში რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები,  რომლებიც აღჭურვილი იქნება  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 1 ივლისამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.