სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმ რჩევებს აქვეყნებს, რომლებიც Black Friday-ს დროს უნდა გაითვალისწინოთ.
დაიწყო ფასდაკლებების, შენაძენებისა და საჩუქრების საუკეთესო სეზონი, რომელსაც მთელი წელი ელოდით. ალბათ, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებისგან ყოველდღიურად უამრავ სარეკლამო შეტყობინებას იღებთ. თქვენც ცდილობთ სასურველი ნივთებისა და საჩუქრების მაქსიმალურად დაბალ ფასად და დიდი დანაზოგით შეძენას. თუმცა, ამ მიმზიდველი სარეკლამო შეთავაზებების ფონზე, კიდევ უფრო დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და დაიცვათ მათი უსაფრთხოება.
წარმოიდგინეთ, რომ:
-
ბარათზე არსებული სრული თანხა დაკარგეთ, რადგან თქვენი ბარათის მონაცემები სხვის ხელში ჩავარდა;
-
შეძენილი ნივთი და გადახდილი თანხა დაკარგეთ, რადგან აღმოაჩინეთ რომ ისინი არასანდო და თაღლითური ვებგვერდის გამოყენებით გიყიდიათ;
-
სავაჭრო ობიექტებისგან სარეკლამო შეტყობინებები უწყვეტად მოგდით, რადგან თანხმობა გაუცნობიერებლად გაეცით.
თუ მოვლენების ამგვარი განვითარება არ მოგწონთ და გსურთ ნივთები შეიძინოთ უსაფრთხოდ, გაეცანით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებულ რჩევებს:
რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ მაღაზიაში შესყიდვის დროს?
-
საბანკო ბარათის კონსულტანტის ან მესამე პირისთვის გადაცემისას იყავით ყურადღებით;
-
ეცადეთ, საბანკო ბარათზე დატანილი მონაცემები არ იყოს სხვა პირებისთვის ხილვადი ან ვიდეოსათვალთვალო კამერებისთვის იდენტიფიცირებადი;
-
შესყიდვის განხორციელებისას თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნისას, დაინტერესდით რა მიზნით ხდება მათი შეგროვება (მაგ.: თქვენი ტელეფონის ნომერი მაღაზიამ შესაძლოა მარკეტინგული მიზნით გამოიყენოს და სარეკლამო შეტყობინებები გამოგიგზავნოთ);
-
გახსოვდეთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების გაზიარების შემთხვევაშიც, ყოველთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი დამუშავების შეწყვეტა.
რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ შესყიდვის დროს?
-
პირველ რიგში, დარწმუნდით ონლაინ მაღაზიის სანდოობაში და გაითვალისწინეთ შესაბამისი ვებგვერდის რეპუტაცია. ამასთან, სანდო ვებგვერდს მისამართის ველს თან უნდა ერთვოდეს ბოქლომის სიმბოლო და მისამართის პანელი იწყებოდეს HTTPS:// და არა HTTP:// სიმბოლოებით;
-
სხვადასხვა ვებგვერდებზე რეგისტრაციისას, გამოიყენეთ რთული, კომბინირებული და განსხვავებული პაროლები;
-
ონლაინ შესყიდვისას არ ისარგებლოთ საერთო მოხმარების კომპიუტერით და არ გამოიყენოთ საჯარო ე.წ. Public Wi-Fi;
-
თუ ნივთის შეძენისას ვებგვერდი ისეთ პერსონალური მონაცემებს გთხოვთ, რომელთა საჭიროება შესყიდვასთან კავშირში გაეჭვებთ, აუცილებლად დაინტერესდით – რატომ გთხოვენ აღნიშნულ მონაცემებს;
-
ონლაინ მაღაზიებისთვის გამოიყენეთ სპეციალურად შესყიდვებისთვის განკუთვნილი ბარათი, რომელზეც მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციის/ტრანზაქციების განსახორციელებლად საჭირო თანხას დაიტანთ;
-
მოერიდეთ ვებგვერდებზე საბანკო ბარათის მონაცემების დამახსოვრებას;
-
ხშირად შეამოწმეთ საბანკო ანგარიშები და დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათით ტრანზაქციები მხოლოდ თქვენი განხორციელებულია.