ბავშვთა ნევროლოგმა, პროფესორმა ბაკურ კოტეტიშვილმა გავრცელებულ მითებზე ისაუბრა, რომ 6 თვემდე ბავშვის დასმა არ შეიძლება.
„რატომღაც ვადაა დასახელებული, რომ 6 თვემდე ბავშვი არ უნდა დავსვათ, თუმცა ვერავინ ხსნის რატომ, მოცემულობაა ასეთი. ეს არა მარტო არასწორია, არამედ ძალიან ცუდია ბავშვის განვითარებისთვის. ამით სტიმულს ვუკარგავთ მის ფიზიკურ განვითარებას. დაბადების პირველივე დღიდან შესაძლებელია ბავშვის დაჯდომა. რა თქმა უნდა, ამას თავისი ტექნიკა აქვს და არ უკავშირდება ხერხემლის გამრუდებას.
პირველ რიგში, როდესაც პედიატრი, ნეონატოლოგი შეაფასებს, რომ ბავშვის კუნთთა ტონუსი, მისი ანატომიური სტრუქტურა, ყველაფერი ნორმაშია, მაშინ დაჯდომაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამას ხელშეწყობა სჭირდება და ბავშვის მიყუდებით დაჯდომას არ გულისხმობს. როცა მიყუდებული არ გყავთ, ამ პოზით სწორ მიმართულებას ვაძლევთ მის განვითარებას.
ახალბედა დედებს ირგვლივმყოფები აშინებენ, რომ არ შეიძლება დაჯდომა, რომ ბავშვს კისერი ჩამოუვარდება, ხერხემალი გაეღუნება და ასე შემდეგ. გენდერული დაყოფაც კი არის, რომ ბიჭები უფრო გვიან უნდა დასხდნენ, უამრავი მითი არსებობს.
სინამდვილეში, სწორად ჯდომა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო მოტორული განვითარებისთვის. ელემენტარულ ფიზიკის საკითხია. ნებისმიერი მიხუტების შემთხვევაში, ჩვენი და ბავშვის ტემპერატურა ერთმანეთს ემთხვევა, მისი ტემპერატურა ჩვენზე 10 ერთეულით მაღალია, ამიტომ ვიწყებთ ჩახურებას. ხშირად ხელი გვეღლება და ჩვენთვისაა კომფორტული, რომ ბავშვი მიყრდნობილი გვყავდეს. სინამდვილეში, იღლიის ქვემოთ ხელები, დაახლოებით ბეჭებთან ფიქსაციაა საჭირო. გადახურება არ ხდება, გარდა ამისა, მხრის სარტყელი და კისერი ბიოლოგიურად სწორად დგას.
კიდევ ერთი მთავარი მომენტი არის ის, რომ ბავშვი სმენითა და მხედველობით გარემოს აკონტროლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარებისა და სიმშვიდისთვის“, – ამბობს ბაკურ კოტეტიშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.