LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ წაიღეთ ჩვენი ჯიბიდან 5,5 მლნ ლარი პრემია თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩვენ რა მოგვეცით, რის გამოც თავი ამხელა ფულით დაიჯილდოვეთ? – გიორგი ვაშაძე კობა გვენეტაძეს მიმართავს

116
vaSaZe safinanso sabiujeto sxdoma

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ, დაინტერესდა „რა გააკეთა კობა გვენეტაძემ გასულ წელს ხალხისთვის ისეთი, რომ ხალხის ჯიბიდან 5,5 მილიონი ლარის პრემია აიღეს თვითონ და მისმა თანამშრომლებმა.

გიორგი ვაშაძე კობა გვენეტაძეს თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო ადანაშაულებს და ლარიზაციის პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

„ალბათ, ყველაზე წარმატებული უწყებაა ეროვნული ბანკი საქართველოში, თუ არ არის? 2020 წლის ეროვნული ბანკის საქმიანობა 10 ბალიან შკალაზე 10-იანით შეიძლება შევაფასოთ? იცით, რატომ ვსვამ ამ კითხვას, 2020 წლის IDFI-ის კვლევით, თქვენს უწყებაში პრემიის სახით გაიცა დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი. ჩვენ აქ ვინც ვსხედვართ, ყველას გაგვიჭირდა, ყველას დააკლდა შემოსავალი, ხალხმა სამსახური დაკარგა, ლარი გაგვიუფასურდა თქვენს გამო, ვერ დაიჭირეთ ლარის კურსი. მთელ საქართველოში პრემია გაიცა 9,5 მილიონი ლარი, აქედან 60% თქვენ დაარიგეთ ეროვნულმა ბანკმა თქვენს თანამშრომლებზე. რატომ ბატონო კობა, რამე სასწაული გააკეთეთ?

ლარი გამყარდა, თუ რა დამსახურებისთვის მიიღეთ ამდენი პრემია, რა დამსახურებისთვის დაარიგეთ ეს ფულები ეროვნული ბანკის თანამშრომლებზე, როცა პენსიონერი ისევ 36%-ის იხდის, როცა ლარის კურსი ისევ უფასურდება, უმუშევრობა ისევ იზრდება. ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის და ა.შ.

თქვენ ამიკრძალეთ, რომ ავიღო დოლარში ან ევროში სესხი, რომლის პროცენტი 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ლარში აღებული სესხის, თან გამოდიხართ და კიდევ გვიძვირებთ და გვიძვირებთ სესხს. გულწრფელად მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან, რომ შეგვზღუდეთ, ბორკილები რომ დაგვადეთ, რისთვის, რა მივიღეთ? რა მიიღო პენსიონერმა, ახალგაზრდა ადამიანმა, ბიზნესმა, დასაქმებულმა, უმუშევარმა? მაგალითად, მე როცა მივდივარ, დოლარში სესხს აღარ მაძლევენ და რატომ არ მაძლევენ, ამ კითხვას ვსვამ ხოლმე.

თუ ლარი გაუფასურდა, თქვენ რა გააკეთეთ? რაც ილაპარაკეთ ტექსტი, ხალხისთვის არის ბელეტრისტიკა იმიტომ, რომ ხალხი ლარის კურსს უყურებს, რომელიც გაუფასურდა. აქედან გამომდინარე შეაფასეთ, ცუდი ხართ, კარგი და თუ ადამიანებისთვის ცუდი ხართ, რატომ არ გადადექით“, – მიმართა ვაშაძემ გვენეტაძეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ზარქუას მართა, „ნერვები დაეწყნარებინა“.

„ნუ მეპასუხები, კითხვებს ვსვამ, მე ამის უფლება მაქვს. ამიტომ, დაიწყნარეთ ნერვები და დადუმდით, თუ შეიძლება“,- მიმართა ვაშაძემ ზარქუას.