LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ გადავსხედით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და რა არის საჭირო ბიძგისთვის?

625
100699813-3513904878634316-7617502198880010240-o

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველთვის კერძო მანქანის “ღარიბულ”  ალტერნატივად განიხილება. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, უკვე 10 წელია მიმდინარეობს ავტომობილებიდან საზოგადოების ავტობუსებზე და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე “გადასმა”. ეს ცვლილება ძალიან რთული, თუმცა შესაძლებელია.

ამაზე სხვადასხვა ქვეყანამ უამრავი კვლევა ჩაატარა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ხერხი სცადა მანამდე, სანამ კონკრეტულად ქვეყანაზე მორგებულ, გამართულ სატრანსპორტო სისტემას შექმნიდა.

ჩვენ ახლა, სადღაც შუაში ვართ: დაისახა პრიორიტეტები, როგორც ამბობენ, სწორი და დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა – თუმცა ეს ყველაფერი ჯერ სისტემური არ არის.

 

კერძო ავტომობილი როგორც კულტურა

პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ, რომ მანქანა იმაზე მეტი ფუნქციის მატარებელია, ვიდრე გადასაადგილებელი საშუალება. ის ასოცირდება დამოუკიდებლობასთან, თავისუფლებასთან, კომფორტთან და უსაფრთხოებასთან. ხშირად ავტომობილის მფლობელები ამბობენ, რომ მათ თავდაჯერებულობას სწორედ მანქანა განაპირობებს. გარდა ამისა, მანქანის მართვა ხშირად სასიამოვნოა.

 

ამ  სასიამოვნო პროცესმა ბევრი პრობლემა შექმნა: ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური.

გარემოსდაცვითი პრობლემები ეხება ტოქოსიკურ და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვს, რაც სხვა ზიანთან ერთად, ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, სმოგის და მჟავური ნალექების წარმოქმნას. იხარჯება უამრავი ენერგია და ნედლეული ავტომობილების დამზადებისთვის და გამოყენებისთვის, ამასთან საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოება იწვევს ბუნებრივი ტერიტორიების შემცირებასა და დანაწევრებას.

სოციალურ დონეზე ავტომობილების გამოყენება საფრთხეს უქმნის ცხოვრების ხარისხს, რადგან ის ხმაურიანია (ეს კი მსოფლიო მოსახლეობის 16%-ში ძილის აშლილობას იწვევს), აღიზიანებს სასუნთქ გზებს, აბინძურებს ჰაერს და ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევებს.

თუმცა, პირადი კომფორტი იმდენად დიდია არც მსოფლიო მასშტაბის და არც ლოკალური დონის პრობლემები არ არის საკმარისი ავტომობილის თუნდაც მცირე ხნით გასაჩერებლად.

 

ამ კომფორტის გამო, სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება ფეხით მოსიარულეთათვის და გადაადგილება ავტომობილის გარეშე არაკომფორტული ხდება.

“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი გელა კვაშილავას “ფორტუნასთან” საინტერესო სტატისტიკა მოჰყავს – ყოველდღიურად საქართველოში 500 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს, აქედან 20% დღეში გადაადგილდება 2 კმ-მდე მანძილს.

“მოკლე მანძილზე გადაადგილება ფეხით უფრო სასარგებლოა, თუმცა ჩვენთან მაინც მანქანით გადაადგილდებიან. ეს კულტურა ღრმადაა გამჯდარი. მოკლე მანძილზე, ან სადაც უკვე არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართული და არ არის განსაკუთრებული რელიეფი, მაინც ავტომობილებს იყენებენ. ამ მანქანების რაოდენობა მთელ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, კერძოდ, თბილისში 8%-ით.

შედეგად, ჩვენი ეზოები და პატარა ქუჩები ისეა გადავსებული მანქანით, რომ ზოგჯერ გავლაც შეუძლებელია“, – ამბობს გელა კვაშილავა.

 

თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში, ავტომობილის ფლობა ჩვენს ქალაქში აუცილებელია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მთელი თბილისი მოცული არ არის.

სწორედ ამიტომ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფლობს მანქანას. ავტომობილის გარეშე ადამიანები ხშირად რჩებიან დაუცველები, იზოლირებულები სამუშაო ადგილებიდან, მაღაზიებიდან და დასასვენებელი ობიექტებიდან – ანუ ყველაფერი, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის საჭირო მანქანას უკავშირდება.

ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ არავის უკვირს, რომ პირველივე დანაზოგით, კრედიტით თუ განვადებით ავტომობილის შეძენა. მანქანას ყიდულობენ ყოველდღიური აუცილებლობისთვის და ის საერთოდ არ განიხილება როგორც ფუფუნების საგანი. სწორედ ამიტომაცაა საქართველოს ავტოპარკი ასეთ მდგომარეობაში – მოძველებული და საშიში. ასეთი ავტოპარკი, გარემოს კიდევ უფრო მეტად აბინძურებს და ზრდის ავარიების რისკს.

დრომ აჩვენა, რომ ტექნოლოგიური განვითარება [ელექტროავტომობილები და ა.შ.] ამ პრობლემების გადაჭრის გზად ვერ გამოდგება. ეს რგოლის მხოლოდ ერთი ნაწილია. აუცილებელია ავტომობილების შემცირება, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობის გაზრდა. იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, უნდა დადგინდეს, რატომ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული და რატომ ირჩევენ ადამიანები გადაიხადონ მეტი, აიღონ სესხი და გადაჯდნენ კერძო ავტომობილზე.

საქართველოში არსებული რეალობის პირველი და უმთავრესი მიზეზი არასაკმარისი ტრანსპორტია. რამდენიმე წელია თბილისის მერია ახალი, თანამედროვე ავტობუსების შესყიდვებს ახორციელებს, ძველი ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების მიზნით. თუმცა, ახლებიც და ძველებიც ერთად, ქალაქისთვის საკმარისი მაინც არ არის და მგზავრობის მსურველები, კარგ შემთხვევაში, ფეხზე მდგომები არიან გადაჭედილ ტრანსპორტში, ცუდ შემთხვევაში კი ტრანსპორტის კარებზე აკრულებს, ყველა გაჩერებაზე ჩასვლით, სხვების ჩატარებით და კვლავ ძველ პოზიციებზე დაბრუნებისთვის ბრძოლით უწევთ მგზავრობა.

ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობის ჩვენებამდე, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მგზავრობა ადამიანურ, არადამამცირებელ და უსაფრთხო გარემოშია შესაძლებელი.

ეს ჯერ ვერ შეძლეს.

გეგმის მიხედვით, ქალაქში განახლებული ავტოპარკი და საჭირო რაოდენობის ავტობუსები 2021 წლისთვის უნდა გვქონდეს. სავარაუდოდ ამ დროისთვის უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის შედეგიც, რასაც დედაქალაქის მთავრობა ახორციელებს.

წახალისების ნაწილი

სანამ ეს ეტაპი დასრულდება, დაწყებულია პოპულარიზაციის ელემენტების შემოტანაც და ტრანსპორტის უპირატესობების ჩვენება. ამ მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი უფასო ინტერნეტია.

ეს ჩვენთვის, ტელეფონ და ინტერნეტდამოკიდებული თაობისთვის დიდი ბიძგი იქნებოდა, რომ არა რეალური გარემოება – Tbilisi Loves you საკმაოდ სუსტია და მისი გამოყენება ძალიან არაპრაქტიკულია. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადაჭედილ ტრანსპორტში, ინტერნეტზე რომც გვეფიქრებოდეს, ამისთვის სივრცე არ არის.

აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი ავტობუსების პრინციპის დანერგვაც. ბევრგან უკვე გამოიყო საავტობუსე ზოლები.

ალბათ, საცობში მყოფ კერძო ავტომობილის მფლობელებს ავტობუსი რომ ჩაუქროლებს შეფერხების გარეშე, ესეც დიდი ბიძგი იქნებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასასვლელად, თუმცა როცა კერძო ავტომობილის მძღოლი დაინახავს, რომ არათუ მისი ადგილი, უმანქანოებიც ვერ ეტევიან ავტობუსში, კვლავ არჩევს მეტის გადახდას და ინდივიდუალურ მგზავრობას.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უმნიშვნელოვანესია – მარშრუტებია. ყველგან ტრანსპორტით მარტივად ვერ მიხვალ. ქალაქში უამრავი ახალი დასახლებაა, უფრო და უფრო იზრდება სიგანეში და სიგრძეში დედაქალაქის საზღვრები და დასახლებული პუნქტები, ამიტომ საჭიროა კარგად შეისწავლონ ეს არეალები და ყოველდღიურ გადაადგილებაზე მორგებული ახალი მარშრუტები შეიქმნას. ისე რომ A-დან B წერტილში მისასვლელად 3-ჯერ მეტი დრო და გადაჯდომა არ დასჭირდეს.

 

შედეგი, რომელიც დამაიმედებელია

ექსპერტი გელა კვაშილავა, მერიის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ყველაფერი ისე რომ განხორციელდეს, როგორც ნათქვამია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული გახდება და ქალაქი საცობებისგან ამოისუნთქებს. თუმცა ეს არ არის ერთჯერადი სამუშაო, ეს უნდა იყოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ქალაქის განვითარებასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს, ისე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში.

გელა კვაშილავა მერიის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგებსაც ხედავს. ის ყურადღებას ამ მხრივ ზონალურ პარკირებაზე ამახვილებს.

“მაგალითად, დღეს ვიყავი ლესელიძეზე. ადრე ვერ გაივლიდი. ახლა ფასიანი რომ არის პარკირება, ვისაც უღირს ის აჩერებს, ან იქ ვინც ცხოვრობს. იმიტომ რომ ერთი ლარის გადახდა ერთ საათში, საკმაოდ რთულია. მეც გამიკვირდა რომ დავინახე ეს შედეგი”, – ამბობს გელა კვაშილავა “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

 

ექსპერტი ამბობს, რომ ზონალურ პარკირებასთან ერთად, ქალაქის ტრანსპორტით დაფარვა და მარშრუტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს გამოიღებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზონალური პარკირება და მსგავსი შეზღუდვები ავტომობილის მფლობელთა ნაწილში აგრესიასაც იწვევს.

 

ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მათ აქვთ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში, ყოველდღიურად გადაადგილდება ავტომობილით. ასეთ ხალხს ავტომობილებზე დამოკიდებულებს უწოდებენ. ეს ის მცირე ნაწილია, რომლებიც წარმატებული რეფორმის შემდეგაც შესაძლოა დარჩნენ კერძო მანქანების პერმანენტული მომხმარებლები.

უფრო მარტივად გადმოსაბირებლები არიან ისინი, ვინც ავტომობილს ყოველდღიურად არ იყენებენ. სწორედ ეს ფენა ელოდება სატრანსპორტო რეფორმებს და წარმატების შემთხვევაში, მათ ხარჯზე კერძო ავტომობილების შემცირება მოსალოდნელია.

ისინი ვინც კერძო მანქანებით ყოველდღიურად გადაადგილდებიან, მერიას გაწეული სამუშაოებისთვის აკრიტიკებენ, რადგან მათ ავტომობილზე აქვთ მორგებული ცხოვრება, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე კომფორტულია, რეფორმის შედეგს კი ჯერ ვერ ხედავენ.

თუმცა, 2021 წლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და ვნახავთ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული და გადავსხდებით მასზე, თუ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიძენს ავტომობილს და ჩადგება კიდევ უფრო გრძელ საცობში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები