LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შენელდა აგვისტოში ეკონომიკური ზრდა – მინისტრის განმარტება

95

აგვისტო არის ნელი თვე და ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ აგვისტოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 2%, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისივე მტკიცებით, მიზანი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს და წლის 5 %-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულებას გულისხმობს, აუცილებლად იქნება მიღწეული.

„ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ წელს მივაღწიოთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას და უკვე მივდივართ ამ მიზნისკენ, თან საკმაოდ დარწმუნებული ნაბიჯებით. ეს 5% აუცილებლად მიიღწევა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს მაჩვენებელი იყოს 7%, ზოგიერთში 8%, 3% და 2%. საშუალოდ უნდა მივაღწიოთ 5%-ს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწევთ. ამაში დარწმუნებული ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი რიგი დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ მსგავს პროგნოზს. 2%-იანი ზრდის კონკრეტულ მიზეზებს რაც შეეხება – ეს იყო მოსალოდნელი, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემის ტემპის შეჩერებას გავლენა ექნებოდა. გააზრებულად ვიცოდით, რომ ამას ექნებოდა ზემოქმედება ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ეკონომიკური ზრდის გარდა გვინდა, რომ ნორმალურ პირობებში ვცხოვრობდეთ და ქალაქი გავდეს ქალაქს. ამიტომ ჩვენ გავაჩერეთ რაღაც რაოდენობით ლიცენზიები, თუმცა ეკონომიკური ზრდის შეჩერებას აუცილებლად დავაკომპენსირებთ. გარდა ამისა, ვითარდება ტურიზმი. ასევე ჩვენ ვაპირებთ ადამიანების გადამზადებას, რაშიც დონორები გვეხმარებიან. იგეგმება მასშტაბური გადამზადების პროგრამები. გარდა ამისა, ჩვენ ინფრასტრუქურულ პროექტებში გვქონდა შედარებით დაბალი აქტივობა, მაგრამ ის აქტივობა, რაც იგეგმებოდა, ამ თვეებში ორმაგი ტემპებით განხორციელდება. გარდა ამისა, ფერო გავიდა რემონტზე, მაგრამ როგორც კი გამოვა, ორმაგად იმუშავებს. კლება იყო ასევე აზოტში და მოლოდინი არის, რომ ეს საკითხიც დაკომპენსირდება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის თქმით, ისეთი დაბალი მაჩვენებელი, როგორიც აგვისტოში დაფიქსირდა, მოსალოდნელი აღარ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები