რატომ შეფერხდა AstraZeneca-ს მეორე დოზით ვაქცინირების პროცესი, – მიზეზებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს. მისი ინფორმაციით, მომხდარი გადაზიდვის პრობლემას უკავშირდება.
“შეფერხება AstraZeneca-ს მეორე დოზის გაკეთებაში გამოიწვია ტექნიკურმა ფაქტორმა”
“ვაქცინა შეძენილია, მისი ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო სამი დღის წინ” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
მისი განცხადებით, იყო გადაზიდვის პრობლემა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი განმარტავს, ვაქცინის ის პარტია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო სამი დღის წინ, რატომღაც, თვითმფრინავის იმ რეისზე ვერ მოხვდა.
“რამდენიმე დღეში ის პარტია ჩამოვა, საკმაოდ დიდი პარტიაა, 43 000 დოზა და არავითარი პრობლემა არ იქნება,”- აცხადებს ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრის პრობლემა ქვეყანაში 5 000 მსურველს შეექმნა. სახელდება დეფიციტის ორი სავარაუდო მიზეზი – შეფერხებული მოწოდება და არეული მონაცემები. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები პირობას დებენ, რომ ვინც AstraZeneca-ს მეორე დოზით უნდა აცრილიყო, დათქმული ვადებში ინექციას აუცილებლად მიიღებს.
ამავე დროს, არ არის გამორიცხული დადგეს კონკრეტული პირის პასუხიმგებლობის საკითხიც. მომხდარის შესწავლა შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს.