ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. კალანდიას ინტერესებს კი მისი ადვოკატი ზურაბ თოდუა იცავს.
10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი. პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ბრალდებულ გიორგი ჯანაშიას ჩვენებაზე ისაუბრა, რომელმაც მკვეთრი სახეცვლილება განიცადა.
“2020 წლის 15 იანვარს გიორგი ჯანაშიამ მისცა სრულიად სხვა ჩვენება. გვაინტერესებს რა გახდა იმის საფუძველი, რამაც რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მიაცემინა. ჩვენთვის უცნობია რამ გამოიწვია ჩვენების შეცვლა და საინტერესოა მასზე რაიმე ზეწოლა ან მუქარა ხომ არ განხორციელებულა”, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებად ერთ-ერთი მსჯავრდებულის, კერძოდ გ.ჯ-ს დედის ჩვენება წარადგინა, რომელიც მოწმის სახით დისტანციურად დაიკითხა. მან გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა. დაცვის მხარის წარმომადგენელის მტკიცებულება არც არაფერს ადასტურებს და არც უარყოფს. ბრალდებულის უფლებაა მისცემს თუ არა სასამართლოს ჩვენება.
სრულიად უსუსური იყო, არაფრის სურვილი არ ჰქონდა: მიხეილ კალანდიას სასამართლოზე ფსიქოთერაპევტი დაკითხეს
“ჯერჯერობით არ არის ცნობილი მიხეილ კალანდიას პოზიცია მისცემს თუ არა სასამართლოს ჩვენებას. თუ გადაწყვეტს, რომ მისცეს ჩვენება, ბუნებრივია ბრალდების მხარე მზადაა დაუსვას კითხვები და მას შემდეგ, რაც მოვისმენთ პასუხებს, ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ კონკრეტულ შეფასებებზე”, – განაცხადა პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ.
ზურაბ თოდუას განცხადებით, სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც მიაღწიეს გიორგი ჯანაშიასთან სამარცხვინო განაჩენის დაყენებას, მოქმედებენ სასამართლოშიც და ეს განაპირობებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და არა ობიექტურობის დადგენას.
“თავდაპირველად ამ საქმის პოლიტიზირება მოხდა “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და სხვა ოპოზიციური პარტიების დროს. ამ გაუბედურებული ადამიანის ბედი გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად”, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასასრულსაც აღნიშნა გიორგი ჯანაშიას მიერ შეცვლილი განაცხადის შესახებ და სავარაუდო ზემოქმედებასა და გარიგებაზე ისაუბრა, რადგან ჯანაშიამ განაცხადა, რომ ის თავს კი არ იცავდა სარალიძესგან, არამედ განზრახული ჰქონდა წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფთან ერთად მისი მკვლელობა, რაც ზურაბ თოდუას აზრით, არადამაჯერებელია.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერს თბილისში ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი (დადუნაშილი) საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.