საქართველოში გავრილოვის დღისა და ღამის შემდეგ, რუსები არ ჩერდებიან. დუმის დეპუტატები ყოველდღიურად გამოდიან და აცხადებენ, რომ საქართველოში რუსოფობიური განწყობაა და მათი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ.
იქ ყველა რუსულად ლაპარაკობს და რუსულ რუბლს იყენებენ - რომელ ქალაქებს თავაზობს რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოს სანაცვლოდ?
იქ არაფერი გესაქმებათ - დუმა რუსებს ურჩევს საქართველო ჩრდილოეთ კავკასიით ჩაანაცვლონ
„არ არის საჭირო რუსოფობიის გააქტიურება, ამით ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებენ, რასაც უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. ამ ისტერიის გააქტიურება ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტურისტი რისკავს, რისკავს თავისი სიცოცხლით, სიმშვიდით, რისკავენ ბავშვებით, რომლებიც იქ ჩაყავთ. რაში გვჭირდება ეს? ვფიქრობთ, რომ ეს მიუღებელია“, – განაცხადა დუმის წარმომადგენელმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში.
მანვე აღნიშნა, რომ რუსები, საქართველოს ტურისტების პირველ სამეულში შედიან და საქართველომ ეს ფაქტორი, უნდა გაითვალისწინოს, როდესაც რუსეთთან მიმართებით, რაიმე რიტორიკას ჩამოაყალიბებს ან ურთიერთობაში რაიმე ცვლილებებს განახორციელებს.
“ნუთუ შეიძლება ასე მოექცე ქვეყანას, რომელიც გეხმარება, რომლისგანაც იღებ ფულს, ტურისტებით რომლებიც ქვეყანაში ჩადიან. პირიქით, მათ უნდა გაუფრთხილდე, კომფორტი შეუქმნა, რომ კიდევ დაბრუნდნენ,” – განაცხადა მან ინტერვიუში.
იმის მიუხედავად, რომ დუმის დეპუტატები ამ რიტორიკას ყოველდღიურად ატარებენ, კონკრეტულ ფაქტებზე არ საუბრობენ, ერთი მიზეზით – ასეთი რამ არ არსებობს. რთულია საქართველოში რუსეთის მოქალაქის რაიმე სახის “ჩაგვრის” გახსენება.
“ფორტუნა” ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური სტატისტიკის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ეცადა, სადაც განაცხადეს, რომ საქმეების გამოძიებაც და სტატისტიკის წარმოებაც არა მოქალაქეობის, არამედ მუხლების მიხედვით მიმდინარეობს. შესაბამისად სტატისტიკა არ არსებობს.
რუსული რიტორიკის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას ისიც, რომ ფაქტის არსებობის შემთხვევაში, რუსეთი აუცილებლად გამოიყენებდა ამას და რუსი პოლიტიკოსები არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ შემთხვევებზე ისაუბრებდნენ.
შესაბამისად, ის, რომ რიტორიკა ერთგვარი “თითის დაქნევაა” გარდა განცხადებებში არსებული მკაფიო მინიშნებებისა, რომ საქართველო სწორედ რუსი ტურისტებით იღებს შემოსავალს ამყარებს ისიც, რომ მიმდინარეობს მეორე მხარეზეც მუშაობა – თუ როგორი კარგი იყო და რამდენი ადამიანი იღებდა სარგებელს, რუსეთთან კარგი ურთიერთობით, სანამ ყოფილი ხელისუფლება ყველაფერს გააფუჭებდა.
"მთავრობა ერთი რუსი ტურისტის ჩამოყვანაში ქართულ ავიაკომპანიას 290 ლარს ჩუქნის"
მთავრობა თუ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან? - გოცირიძე
რუსეთს არასდროს უცდია, თბილისთან ურთიერთობის გაუარესება და რუსეთში არ არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ეკუთვნის. ის ფრთხილად ახსენებს საქართველოს “თანაცხოვრების” დადებით მხარეებს და პრობლემებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აბრალებს.
„სწორედ საქართველოს ყოფილმა მთავრობამ, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანეელობით, გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, ყოველმხრივ ცდილობდა ეკონომიკური კავშირების შეზღუდვასაც. ამან იქონია გავლენა. ვინც საქართველოში დოვლათს ქმნის, კარგად ახსოვს რამდენად ახლოს იყო ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. ახლა ვაჭრობა განახლებულია. არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს არ სიამოვნებს.
არ გვაქვს ნეგატიური დამოკიდებულება ქართველებთან. პირიქით, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურას და წეს-ჩვეულებებს,“ – აღნიშნა ლავროვმა რუსულ ტელეარხთან.
რეალურად, არც ისეა საქმე, როგორც რუსები ხატავენ. მართალია, საქართველო რუსი ტურისტების “აკრძალვით” გარკვეულ შემოსავალს დაკარგავს, მაგრამ ამით ეკონომიკას დიდი დარტყმა არ მიადგება, იმ ფონზე, როცა რუსეთიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, ქართული ტურიზმი მაინც იზრდება.
საქართველოში ჩამოსვლას ცდილობენ როგორც რუსი, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სწორედ სხვა ქვეყნების გაზრდილი ინტერესი უნდა დავაკმაყოფილოთ, რითიც რუსი ტურისტების აკრძალვით მიღებულ დანაკლისს ავინაზღაურებთ. რამდენად მოხერხდება ეს, მთავრობის უნარებზეა დამოკიდებული.
პუტინმა კარგი რეკლამა გაგვიკეთა, მთავრობა კი შანსის გამოყენებას აგვიანებს
პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ „გავრილოვის ღამე“ უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ორი ქვეყნის ურთიერთობაში. „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ექსპერტი აცხადებს, რომ ამ დღეს ნათლად გამოჩნდა, ქვეყნის შიგნით პრორუსული ძალების დამარცხება. მისი თქმით, პროტესტმა აჩვენა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში, ანტისაოკუპაციო განწყობა ძალიან ძლიერია და ამის გამო, ხელისუფლებასაც მოუწია ანტირუსული განცხადებები გაეკეთებინა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამან რუსეთი შეაშფოთა და ამ რიტორიკით ახლა ის ცდილობს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს, დასაჯოს, თან საქართველოს მოქალაქეების ხელით, რომ ასეთი რიტორიკა საქართველომ ვეღარასოდეს გაბედოს.
„განცხადებებს ტურისტებისთვის ნულოვანი საფუძველი აქვს ნამდვილად. რაიმე რომ იყოს, კონკრეტული ინციდენტი, აქამდე აუცილებლად იტყოდნენ. რაღაცნაირად ხომ უნდა დაასაბუთონ პუტინის პირადი გადაწყვეტილება?! შიდაპოლიტიკური განზომილებაც აქვს ამ განცხადებას, მაგრამ საქართველოს მიმართ, ეს აშკარად პოლიტიკური ზეწოლაა, რომ რაღაცნაირად უფრო ღიად პრორუსული განცხადებები გააკეთონ ან დათმობებზე წავიდნენ.
მათ იმედი აქვთ, რომ მიღებული ზომებით, ეკონომიკურ ზეწოლას მოახდენენ. სავარაუდოდ, შეშფოთებულები არიან იმით, რომ რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან [ შემცირების მიუხედავად] მათ სურთ, რომ იმდენად შემცირდეს ეს რიცხვი, რომ თვითონ საქართველოს მოსახლეობამ თქვას „რა კარგი იყო რუსი ტურისტი, ახლა შემოსავალი აღარ გვაქვს“. ასე ვთქვათ, ქვევიდან წამოვიდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე და აგრესია პროდასავლური ძალების მიმართ,“ – აცხადებს გია ნოდია.
რისი ეშინია პუტინს?
ამ ორი რიტორიკის ერთადერთ მიზეზად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ისევ რუსეთის მუდმივ სურვილს – მანიპულირებადი საქართველოს მიღებას ასახელებს.
ჭიაბერაშვილი კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ რუსეთმა მოქმედებები საქართველოზე გავლენის მოხდენის მიზნით, ჯერ კიდევ „გავრილოვის ღამემდე“, იანვარ-თებერვალში დაიწყო, როცა საინფორმაციო კამპანიით მოქალაქეებს საქართველოში წითელასა და გრიპის ეპიდემიის შესახებ აფრთხილებდა. ასევე, ბევრს საუბრობდა ლუგარის ლაბორატორიის ფარულ მიზნებზე. ეს საინფორმაციო მესიჯები ტურიზმის სექტორზე მაშინაც აისახა.
„რუსეთის მთავარი ინტერესია საქართველო იყოს რაც შეიძლება სუსტი. ასეთი საქართველო მისთვის ადვილად მანიპულირებადია და ასეთი საქართველო ვერ გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. როდესაც საუბარია ტურიზმზე, უნდა გავიხსენოთ იანვარ-თებერვალი, სწორედ ამ პერიოდიდან შემცირდა რუსი ტურისტების შემოსვლა საქართველოში. ამან ჩვენს ბიზნესსექტორს დაარტყა.
ახლა ანტისაოკუპაციო აქციები, საბაბია, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ ისე რუსეთისთვის, რომ ანტისაოკუპაციო და ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები გაასაღონ როგორც მთავარი მიზეზი ტურიზმში შექმნილი პრობლემების. სინამდვილეში, რუსეთი, როგორც კი მასზე ვხდებით დამოკიდებული, ყოველთვის ცდილობს, რომ ეს დამოკიდებულება თავის პოლიტიკურ იარაღად აქციოს,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა „ფორტუნასთან“.
მანვე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთადერთი სექტორი რომლითაც მეტნაკლებად ეკონომიკა საზრდოობს ტურიზმია და სწორედ ამიტომ გახდა მთავარი სამიზნე რუსეთისთვის ეს დარგი.
„კიდევ ერთი ფენაა აქ – პროპაგანდა. საქართველოში ტურისტების მზარდი რაოდენობა პუტინს არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით აწუხებს. რუსეთის მოქალაქეები ტელევიზიიდან ისმენენ, რომ საქართველო მტრული სახელმწიფოა – მეორე მხრივ, ქვეყანაში ჩამოდის მილიონამდე რუსი ტურისტი, რომელიც ჩადის სამშობლოში და ავრცელებს ინფორმაციას რომ ეს ტყუილია. ისინი ხედავენ, რომ ქუჩაში მანქანის მძღოლს პატრული ფულს არ სძალავს. ისინი ხედავენ სხვა საქართველოს და ხვდებიან პუტინის პროპაგანდის აბსოლუტურ სიყალბეს,“ – აღნიშნა მან და დასძინა, რომ თუ რუსები მასობრივად დაინახავენ, განსხვავებულ წარმატებას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, პუტინის გავლენები დასუსტდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. ეს ყველაფერი კი “გავრილოვის ღამეს” მოჰყვა.
რუსეთი რომ მტერია, ამას მასწავლის ის ხალხი, რომლებსაც არც ერთ ომში მონაწილეობა არ მიუღია და ბიზნესის დივერსიფიკაციაზე მესაუბრებიან, ისინი, ვისაც ორი კაპიკი გადასახადი არ შეუტანია ქვეყნის ბიუჯეტში.
აფხაზეთის ომის მონაწილე, რომელმაც რუსეთის სანქციების გამო 50 ათასი დოლარი იზარალა
მისმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა საზოგადოება გააღიზიანა, შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა]
აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები
პროცესების ამგვარად განვითარების გამო, საზოგადოების ნაწილი უკვე ერთ თვეზე მეტია შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს – უშედეგოდ. მათი სხვა მოთხოვნები შესრულდა.