იყო დრო, ლარის გაუფასურების მიზეზად ექსპერტები რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირებასა და მეზობელ თურქეთში ლირის გაუფასურებას ასახელებდნენ.
ეს ფაქტორები კვლავ არსებობს, მაგრამ ლარი ბოლო პერიოდში მყარდება.
რატომ მყარდება ლარი? ამ კითხვით „ფორტუნამ“ პროფესორ ლადო პაპავას მიმართა.
პაპავას განმარტებით, ეროვნული ვალუტის გამყარება ქვეყნის ეკონომიკისთვის ყოველთვის კარგი არ არის.
„როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს ყოველთვის კარგი არ არის. ეროვნული ვალუტის გამყარება უარყოფითად აისახება საექსპორტო შესაძლებლობებზე. როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, სტიმული აქვს იმპორტს.
საქართველოსთვის სავალუტო ბაზარი ძალიან მცირეა. შესაძლოა, მსოფლიოს რომელიმე მსხვილმა ბანკმა ისეთი ტრანზაქცია შეასრულოს, რომ გამოიწვიოს სწორედ ასეთი გამყარების ეფექტი.
მოსალოდნელია, რომ ამ გამყარებას მოჰყვეს გაუფასურება და ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემა, რომელიც დაკავშირებული არის ტურისტული ნაკადის შემცირებასთან. კორონავირუსმა საკმაოდ დააზარალა ჩინეთის და ევროპის ქვეყნების ეკონომიკა. ეს სიტუაცია, ბევრი ქვეყნის ვალუტის ვარდნას გამოიწვევს. ეს რამდენად სწრაფად მოხდება, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ეს საფრთხე რეალურად არსებობს.
კორონავირუსი მთელს მსოფლიოში ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის. ეს უარყოფითად აისახება ყველა ქვეყნაზე და მათ შორის საქართველოზეც. ამიტომ ლარის მკვეთრად გაუფასურების დიდი საფრთხეა“, – აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა ჩვენთან საუბარში.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ლარის გამყარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
„მე არ ვიცი, ვინ როგორ ხსნიდა ლარის გაუფასურებას, მაგრამ ლარის გაუფასურება ტურისტების ნაკადზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული.
ამ წუთას რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, დროებითი მოვლენაა. ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ლარს აქვს, ეს არის არასწორი პოლიტიკა, სუსტი ეკონომიკა და აბსოლუტურად მიუღებელი ლარის მცირე მოცულობა. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ლარის კურსის რყევებს. მთავარია, გამჭვირვალე ოპერაციები ფულის ბაზარზე და არბიტრაჟის ოპერაციების შესაძლებლობები. ლარი პერიოდულად ასე ითამაშებს, სანამ არ შეიცვლება პოლიტიკა“, – აცხადებს გიორხელიძე.
ლარის ბოლო დროინდელ გამყარებას ICC ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ფადი ასლი ხელოვნურად წარმოქმნილ პროცესად აღიქვამს.
“გულწრფელად არ ვიცი, რატომ მყარდება ლარი. თუმცა, ეს მყისიერი გამყარება ძალიან ხელოვნური მეჩვენება და არა მგონია ეს მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდეს. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი კომპანიებს მოუწოდებს დოლარი ერთბაშად არ შეიძინონ, რათა არ მოხდეს ლარის დევალვაცია, უცნაურია მსგავსი გამყარება”, – განაცხადა ფადი ასლიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
25 თებერვალის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა და 2.7946 ლარი შეადგინა.