ბოლო ერთი კვირის კორონავირუსის სტატისტიკა ბევრისთვის შეშფოთების მიზეზი გახდა. გასული კვირის მონაცემთან შედარებით ის ორჯერ გაიზარდა.
ბოლო 1 თვის მონაცემებით კი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის მომატებული, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დაინფიცირებული ბავშვების ხვედრითი წილიც.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ შემთხვევების მატება ამ ტემპით გაგრძელდა ქვეყანაში, შესაძლოა, რეგულაციები კვლავ დაბრუნდეს.
„ფორტუნა“ თსსუ-ს პროფესორს, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს ესაუბრა.
ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ომიკრონის ქვეშტამები BA.4 და BA.5 ცირკულირებს, დაინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. შექმნილ სიტუაციაში კი გამოსავალი ბუსტერით მეორე აცრაა გამოსავალი.
„ხშირად ვამბობდით, რომ პანდემია დასრულდა, მაგრამ ეს მდგომარეობის არასწორი შეფასებაა ახლაც და არასწორი შეფასება იყო ორი თვის წინაც.
პანდემიის დასრულება არ გამოიხატება ინფიცირებულთა რაოდენობის დროებითი კლებით.
ის, რომ საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იყო შემცირებული, არ ნიშნავდა, რომ სიტუაცია ასე დარჩებოდა.
ვამბობდით, რომ ზაფხულში აუცილებლად იქნებოდა შემთხვევების რაოდენობა მომატებული, რადგან ზაფხულში უფრო მეტი მობილობაა და თან ამის უკან დგას ახალი მუტაცია, რომელიც საქართველოში უფრო მეტად დომინანტური ხდება, ეს არის ომიკრონის BA.4 და BA.5 ქვევარიანტები.
ამ ყველაფრის უკან დგას ადრე გადატანილი კორონავირუსის შემცირებული იმუნიტეტი, რასაც ჩვენ ბუნებრივ იმუნიტეტს ვეძახით (ის ოთხი, მაქსიმუმ ხუთი თვის განმავლობაში იცავს ადამიანს. ) ვაქცინით დამცველობით ვადა ცოტათი უფრო მეტია და ექვსი თვის განმავლობაში გიცავთ ვაქცინა ინფიცირებისგან.
ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, შეიძლება იყვნენ რეინფიცირების რისკის ქვეშ“. – განმარტავს ჩხაიძე „ფორტუნასთან“ საუბარში და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში საქართველო გამონაკლისი არაა.
„ანალოგიური მდგომარეობაა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. საქართველო, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არაა. თუ შევხედავთ ევროპის ქვეყნებს, ანალოგიური სურათია. მაგალითად საფრანგეთში მაისის ბოლოს ფიქსირდებოდა 16 ათასი შემთხვევა. ივნისის ბოლოს იყო 147 ათასი შემთხვევა.
საქართველოში ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არაა, რომ ვილაპარაკოთ კორონავირუსის ახალ ტალღაზე. ჯერჯერობით მაჩვენებელი ფასდება, როგორც დაბალი, მაგრამ ფაქტია, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, დადებითობის მაჩვენებელიც გაზრდილია.
თუ გაიზრდება კვლავ დაინფიცირებულთა რაოდენობა, მაშინ ალბათ მოგვიწევს გადახედვა იმ რეკომენდაციების, რომელიც გვქონდა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ნიღბის ტარებას.
თუ შემთხვევების მატება ამ ტემპით გაგრძელდა, შეიძლება მიღებული იქნას გადაწყვეტილება დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობაზე.
არავინ იფიქროს, რომ თუ ქვეყანამ რაღაც ეტაპზე ნიღბის ტარებაზე უარი თქვა, ის ამ რეკომენდაციას არ დააბრუნებს. ასეთი ხისტი მიდგომა პანდემიასთან მიმართებით არასწორია.
შესაძლოა, სხვა რომელიმე შემზღუდავი რეკომენდაციაც დაბრუნდეს,“ – ამბობს ჩხაიძე.
ჩხაიძის თქმით, რისკის ქვეშ არის ყველა, ვინც გადაიტანა კორონავირუსი და ის ვინც აცრილია.
„რისკის ქვეშ არის აბსოლუტურად ყველა. კორონავირუსის ყველა მუტაცია განსაკუთრებით საშიშია მოხუცებისთვის. მათ იმუნიტეტი დასუსტებული აქვთ და ამიტომ ერთი შეხედვით უწყინარი შტამი როგორიცაა ომიკრონი, შეიძლება მათთვის დამღუპველი გახდეს,” – ამბობს ჩხაიძე.
“ორჯერ უფრო მეტია კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა”
“ომიკრონის ფონზე მკვეთრადაა გაზრდილი ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა. ორჯერ უფრო მეტია კორონავირუსით ინფიცირებულა ბავშვების რაოდენობა, ვიდრე ეს იყო ორიგინალი ჩინური ვაქცინის დროს იყო. ამის შესახებ დასკვნა აშშ-ს პედიატრიის აკადემიამ დადო.
საქართველოს სტატისტიკა სავარაუდოდ, ივლისში გამოქვეყნდება, სადაც ჩვენ ვნახავთ, რომ დაინფიცირებული ბავშვების ხვედრითი წილი გაზრდილია, საბედნიეროდ ეს არ ეხება დაავადების სიმძიმეს.
თუ არ ჩავთვლით რისკის ჯგუფებს, ომიკრონის დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი, მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, მაგრამ გარკვეული ჯგუფისთვის არავაქცინირებული ადამიანები, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, შეიძლება ეს დაავადება გართულებებით წარიმართოს.
ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ვიყოთ ვაქცინირებული. ეს არის ინფიცირებისგან თავის აცილების ერთადერთი დაცვა.
პირადად მე გუშინ გავიკეთე მეოთხე აცრა.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაცია, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანები, რომლებიც რისკ- ჯგუფებში არიან, ვაქცინა მეოთხედ გაიკეთონ, ანუ მეორე ბუსტერი ამ შემთხვევაში დღევანდელ სიტუაციაში გამოსავალი იქნება. მომდევნო 5-6 თვის განმავლობაში თქვენ ფაქტობრივად დაცული იქნებით, მძიმე გართულებებისა და საავადმყოფოში მოხვედრისგან.
ქვეყანაში არის “ფაიზერის” საჭირო რაოდენობის ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე მაღალი ხარისხითა და ეფექტიანობით გამოირჩევა. მარტის შემდეგ შემოვიტანეთ და ახლა ქვეყანაში ასეულ ათასობით ვაქცინაა და მათი შემოტანა კვლავ იგეგმება,“ – განმარტა ჩხაიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კავკასიძე ერთ-ერთია, რომელმაც ომიკრონი მეორედ ცოტა ხნის წინ გადაიტანა.
ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას კავკასიძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული.
„დიდი ალბათობით 2 ათასი დაინფიცირებული არაა ზუსტი სურათი. რეალურად უფრო მეტია, რადგან ხალხი აღარ იტესტება და ამის აღარც ვალდებულება აღარ აქვთ, რადგან წესები შეიცვალა.
მე, სავარაუდოდ, დაინფიცირებული ვიყავი ომიკრონის BA.4, ან BA.5 ქვეშტამით. ეს შტამები დღეს ევროპაში დომინანტურია. ორივე ომიკრონისა და დელტა შტამების ჰიბრიდია.
იოლად გადადის როგორც ომიკრონი, მაგრამ მიმდინარეობს დელტას ელემენტებით. ჩემ პირად მაგალითზე გეტყვით. სამჯერ ვიყავი აცრილი , თებერვალში მქონდა ომიკრონი გადატანილი ძალიან იოლი ფორმით, ახლა მეორედ დამემართა, რომელიც პისიარტესტით დამიდასტურდა და ორი დღის განმავლობაში მქონდა ცხელება- 39 გრადუსი.
ანუ უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ომიკრონი, მაგრამ რა გართულებებს ტოვებს, ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ შედარებით ახალი შტამია.
ცნობილი ამბავია, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი გართულება იყო დიაბეტი. ძალიან ხშირი იყო გონების დაბინდვა და მახსოვრობის დაკარგვა. ომიკრონს არ ჰქონდა ყნოსვისა და გემოს დაკარგვის მომენტები. ამ ახალ ქვეშტამს ეს ახასიათებს“. – ამბობს კავკასიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა რეგულაციები აღარ არსებობს
„პისიარი აღარ კეთდება, რეგულაციები ფაქტობრივად აღარ არსებობს. ადრე ხდებოდა კონტაქტების მოძიება და ახლა ეს აღარ ხდება. ამიტომ ეს ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა, თუ დაინფიცირდა.
მეორე პრობლემა ისაა, რომ საქართველოში უცხოეთიდან დაბრუნებულ მოსახლეობას არ ევალებათ პისიარის ჩატარება მეორე ან მესამე დღეს. რაც ჩემი აზრით, დაინფიცირების რისკებს ძალიან ზრდის.
ფაქტია, რომ ეს შტამი BA.4 და BA.5 ევროპიდანაა შემოტანილი. (ციდან არ ჩამოვარდებოდა). მთელი პრობლემა ისაა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის სამინისტრო და მინისტრთა კაბინეტი, შეუთანხმებლად მოქმედებენ. მოქმედების ერთიანი გეგმა არ არსებობს.
ყველაზე კარგად რისკებს ხვდება დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჯანმრთელობის სამინისტრო და მინისტრთა კაბინეტი ამ რისკებს არ ითვალისწინებენ.
რამდენადაც მე ვიცი ჩემი კოლეგებისგან, დღეს მაგალითად ინფექციური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილება, სავსეა კოვიდინფიცირებულებით“. – ამბობს კავკასიძე.
კავკასიძის თქმით, უცნობია, როგორ წარიმართებოდა მის შემთხვევაში კორონავირუსით დაინფიცირება, სამჯერ რომ არ ყოფილიყო აცრილი.
„ომიკრონის ქვეშტამები ემალება იმ ანტისხეულებს, რომელიც ვაქცინაციის ან წინა შტამების გადატანის შემთხვევაში არის ორგანიზმში. გამოდის, რომ ადამიანი დაუცველია. მე არ ვიცი, როგორი ფორმით წავიდოდა ჩემთან კორონავირუსით დაინფიცირება, აუცრელი რომ ვყოფილიყავი. დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის 70 % აცრილია.
ჩვენთან სულ სხვა სიტუაციაა. ამიტომ რა მოხდება, პროგნოზირება ძალიან რთულია. მთავარი ისაა, რომ მოსახლეობა იყოს ფხიზლად.
ერთი რამ უნდა გავიაზროთ. ეს არაა გრიპი, როგორც ზოგიერთები ამბობენ, რადგან გრიპის ვირუსი არ ტოვებს ისეთ გართულებებს, როგორც კორონავირუსი.
როგორ შეიძლება თავი დავიცვათ?- ესაა პირადი ჰიგიენა და დისტანცია. პირბადის ტარების მოთხოვნილება აღარაა, მაგრამ მე მაგალითად იმის მიუხედავად რომ ახლახან გადავიტანე, პირბადეს ვატარებ დახურულ სივრცეში და სხვებსაც იგივე რეკომენდაციას ვაძლევ.
ფაქტია, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. თან ეს დადასტურებული შემთხვევები არის სწრაფი ტესტით გამოვლენილი და სწრაფი ტესტი დაინფიცირებულთა 60%-ს ავლენს, ამიტომ გამოსავალია, რომ პისიარი კვლავ უფასო იყოს. ყველას არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს პისიარ ტესტში საკმაოდ მაღალი თანხა“. – ამბობს კავკასიძე „ფორტუნასთან“ საუბრისას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი კვლავ საუბრობს ვაქცინაციისა და ბუსტერის აუცილებლობაზე. ვარაუდობენ, რომ შემთხვევების მატება შემოდგომაზე უფრო მეტად გაიზრდება.
„ქვეყანაში მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი სრულად არის აცრილი. 260 ათასზე მეტ ადამიანს აქვს პირველი ბუსტერი გაკეთებული და ყველას მოვუწოდებ, გაიკეთოს პირველი ან მეორე ბუსტერი. სამწუხაროდ პროგნოზი არის, რომ შემოდგომაზე შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ დიდი ალბათობით ბევრი ფატალური შემთხვევები არ უნდა გვქონდეს“. – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.