კუს ტბის საბაგიროს ოფიციალური გახსნის ცერემონია, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
როგორც ”ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, გახსნის გადადების მიზეზი თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების სიმრავლე აღმოჩნდა.
სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ განაცხადა, რომ საბაგიროს ტექნიკური პრობლემები არ აქვს და სრული დატვირთვისთვის უკვე მზად არის.
საბაგირო სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიხსნება.
”რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ერთმანეთს მიეწყო, კუს ტბის საბაგიროს გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ. სატესტო რეჟიმი დასრულებულია და არანაირი პრობლემა არ გამოვლენილა. საბაგიროთი მგზავრობა ძალიან კომფორტულია. სპეციალურად შენარჩუნდა გონდოლის ძველი სტილი, იმიტომ რომ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს”, – განაცხადა ლელა სეთურიძემ.
საბაგიროს გახსნის შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს მგზავრობას, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება. ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული. გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა.
კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე.
საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯა.