„რაც იყო ამ ჩანაწერებში, იმასაც დამახინჯებულად გადმოსცემდნენ “რუსთავი 2”-ელები. კვესიტაძემ უკან დაიხია და ვერ გასცა პასუხი ჩემს კითხვას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს მედიასთან ერთობლივი შეხვედრის დროს, ფარული აუდიო ჩანაწერების დროს საუბრისას და ლევან ყიფიანის მიმართ სავარაუდო ზეწოლის შეფასებისას განაცხადა.
ივანიშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი და წამყვანი, გიორგი გაბუნია ერთს ამბობდა, თუმცა გავრცელებულ ჩანაწერებში გაბუნიას ნათქვამი არ დასტურდებოდა და აბსოლუტურად „განსხვავებული ხმები ისმოდა“.
„ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ყიფიანი მივიდა ოფისში ფარცხალაძესთან, შეაგინა და ფარცხალაძემ დაარტყა თუ სცემა. ის ორი მონაწილე იმასაც ამბობს, რომ როგორმე ჩემამდე მოეყვანათ მათი ინტერპრეტაციებით, ესეც არ იკვეთება, რომ ჩემამდე მოვიდა, მაგრამ თურმე ივანიშვილმა გადაწყვიტა, თითქოს ყიფიანს უთხრა, რატომ შეაგინეო. მე არ ვიცი, რეალურად რა მოხდა, დავიფიცებ ვისთანაც გინდათ და როგორც გინდათ. არც საქმე არ გამირჩევია ან როგორ უნდა გამერჩია, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? ან მე რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს, თუ ასე წავიდოდა თანაბარ სიტუაციაში, როდესაც ყიფიანი იყო ჩვენი გუნდელი – დათო ყიფიანი (ლევან ყიფიანის მამა). ჩემს ახალგაზრდობაში მთელი ჩემი თაობა შეყვარებული იყო თბილისის დინამოსა და დათო ყიფიანზე და მეც არ ვიყავი გამორჩეული. რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს? მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ რეკეტი მიდის ჩემგან ორგანიზებული, რასაც გადმოსცემდნენ, მე ამ საქმეებს ვარჩევ, ეს არაფერი იქ არ ისმოდა. გაუპატიურება ახსენეს, სარდაფს ამბობდნენ, გაუპატიურებას ცდილობდნენო, არსად არ ისახება ეს. ეს არ ისახება არც იმ ჩანაწერებში, არ ისახება ყიფიანის შემდგომ ჩვენებებში, რაც შემდეგ პროკურატურამ გამოაქვეყნა,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება.