LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ არის მითითებული საბუთებში არასწორი დრო” – გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ახალშობილის მშობლები სიმართლის გარკვევას სასამართლოში შეეცდებიან

559
BeFunky-collage - 2020-09-10T150358.931

13 აგვისტოს თბილისში, გაგუას სამშობიარო კლინიკაში 47 დღის ახალშობილი გარდაიცვალა. მშობლები კლინიკას უჩივიან. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

გარდაცვლილი ბავშვის მამა “ფორტუნასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქმეში არაერთი შეუსაბამობა ფიქსირდება. გიორგი გელაშვილის განმარტებით, მშობიარე ქალის მიყვანისა და ახალშობილის დაბადების დროც არასწორად არის მითითებული. მშობლები სიმართლის გარკვევას ითხოვენ.

“გვინდა, რომ დადგინდეს სიმართლე, სინამდვილეში რა მოხდა. 27 ივლისს მივიყვანე პირველად, ტკივილები ჰქონდა. ექიმმა გასინჯა ხელით და არა ექოსკოპიით. გვითხრა, რომ მშობიარობა არ იყო დაწყებული და ჩვენ სურვილზე იყო დამოკიდებული დავრჩებოდით კლინიკაში თუ შინ წავიდოდით. იმ მიზეზით, რომ საგანგაშო არაფერი არ ყოფილა, სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. პროფილაქტიკის მიზნით დალია გამაყუჩებელი აბი. დილის 7 საათზე გამაღვიძა, ისევ ტკივილები დაეწყო, ცივი ოფლი ასხამდა.  გზაში ვიყავით, როცა კლინიკაში დავრეკე და გავაფრთხილე, რომ მშობიარე მომყავდა.

საბუთებში დაფიქსირებული აქვთ, რომ ჩვენ მივედით კლინიკაში 8 საათსა და 10 წუთზე. ბავშვის დაბადების დრო არის 8:18 წუთი. სანამ გასინჯეს, მე ბინტების მოსატანად გამიშვეს. კლინიკასთან ახლოს აფთიაქი ღია არ იყო და შორი მანძილის გავლა დამჭირდა. გაგუას კლინიკას ბინტი არ აღმოაჩნდა და მე გამაგზავნეს. ამასობაში დრო მიდიოდა”, – აცხადებს გიორგი გელაშვილი.

მისივე თქმით, მშობიარე მეუღლესთან ერთად კლინიკაში მისვლის ზუსტი დრო სათვალთვალო კამერებში იქნება დაფიქსირებული, თუმცა როგორც თავად აცხადებს, მას აღნიშნულ ვიდეომასალებზე ხელი არ მოუწვდება. გელაშვილი ასევე აცხადებს, რომ მან არ იცოდა მეუღლეს საკეისრო კვეთას თუ უკეთებდნენ. მისივე განმარტებით, მშობიარე ქალმა, საოპერაციო მაგიდაზე გაიგო, რომ ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა. გელაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყებიდან ელოდება პასუხს, რამდენად სწორად მოიქცა კლინიკა და შესაძლებელი იყო თუ არა ბავშვის გადარჩენა.

“საკეისრო კვეთას რომ უკეთებდნენ, არც კი გაგვაფრთხილეს. არც ჩემი მეუღლე გაუფრთხილებიათ, მან საოპერაციო მაგიდაზე გაიგო, რომ ოპერაცია უკეთდებოდა. დიდი დრო დაიკარგა ოპერაციამდე. შეიძლებოდა თუ არა ბავშვის გადარჩენა, ამის გარკვევა გვინდა. ერთი თვე ბავშვი ვითარდებოდა, 47 დღე სიცოცხლისთვის იბრძოდა. ერთი თვის თავზე ფილტვის პნევმონია განუვითარდა. მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

ჩვენი მოლოდინია გაირკვეს სიმართლე, ვისი ბრალეულობაა ბავშვის გარდაცვალებაში. კონკრეტულად ვინმეს არ ვუჩივით, გვინდა სიმართლე გავიგოთ, რამდენად სწორად იმოქმედა კლინიკამ, მორიგე ჯგუფმა?! რატომ არის მითითებული საბუთებში არასწორი დრო?! – აცხადებს გიორგი გელაშვილი.

 

რაც შეეხება გაგუას კლინიკის პოზიციას, “ფორტუნა” კლინიკას დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

“მოქმედი კანონმდებლობით პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება კლინიკას არ აქვს. გაგუას კლინიკა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებით და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პაციენტების უსაფრთხოებისთვის. კონკრეტული შემთხვევის კვლევაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები”, – აცხადებენ გაგუას კლინიკაში.

ცოცხალი დაიბადა, 47 დღე სიცოცხლისთვის იბრძოდა – ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე გაგუას კლინიკას უჩივიან

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შსს-ში არძრულია სისხლის სამართლის საქმე. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 116 მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები