ზოგჯერ ყვირილი მშობლის ჩვეულებრივი რეაქციაა ბავშვის სიჯიუტეზე, ზოგჯერ კი, აღზრდის ერთადერთი მეთოდი. თუმცა, ყვირილს სიკეთე არასდროს მოაქვს და ადრე თუ გვიან ეფექტსაც კარგავს.
ცოტას თუ შეუძლია დაიკვეხნოს, რომ არასდროს აუმაღლებია ხმა ბავშვზე. ზოგს ეს იძულებით ზომად მიაჩნია, ზოგი მუდმივად ამგვარ მეთოდს მიმართავს, ზოგი კი, ყოველი ინციდენტის შემდეგ განიცდის, თავს დამნაშავედ გრძნობს, თუმცა ყვირილს მაინც არ ეშვება.
რატომ ვყვირით:
* ყვირილის მიზეზი გაღიზიანებაა – როცა ბავშვს არ ესმის, არ უნდა მოსმენა ან არ რეაგირებს მშვიდი ტონით ნათქვამზე.
* ყვირილის მიზეზი დაღლილობაა – როცა ისედაც მშიერი და გამოუძინებელი ვერ ვასწრებთ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას, ბავშვი კი, თავისი კაპრიზებით უფრო მეტ პრობლემებს გვიქმნის.
* ყვირილის მიზეზი შიშია – როცა გვეშინია, რომ რაიმე გამოუსწორებელი მოხდება ან უკვე მოხდა და ვერ ვახერხებთ დამშვიდებას.
* ყვირილის მიზეზი არ ცოდნაა – როცა ჩვენც ზუსტად ასე, ყვირილით გაგვზარდეს და სხვანაირად ცხოვრება არ წარმოგვიდგენია.
რას გრძნობს ბავშვი, როცა უყვირიან:
ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ყვირილის დროს, ბავშვი აცნობიერებს, საკუთარ შეცდომას. სინამდვილეში, ის ფიქრობს
* „არ მესმის რა მოხდა და როგორ მოვიქცე. უბრალოდ ვთამაშობდი, ახლა კი, მიყვირიან“.
* „მშობლებს არ ვუყვარვარ. ვერავინ დამიცავს და სრულიად მარტო ვარ“.
* „მშობლებს არაფერში ვჭირდები. მათ არ სურთ ჩემი მოსმენა და გაგება“.
იმ შემთხვევაში კი, თუ მოზარდს უყვირით, ის დარწმუნებულია, რომ არ გიყვართ და არ გესმოდათ მისი, არ გჭირდებათ და არც თვითონ სჭირდებით არაფერში.
ყვირილის ნეგატიური შედეგები:
* ბავშვს თავისუფლად შეიძლება განუვითარდეს ნევროზი და ღამის ანურეზი, ენის ბორძიკი და უნებლიე მოძრაობები, დაიწყოს ფრჩხილების და ფანქრების კვნეტა.
* არაა გამორიცხული ბავშვმა ყვირილითვე გიპასუხოთ, აუცილებლად გაუჩნდება თვითშეფასების პრობლემები და კომპლექსები, რომელთა დამარცხება ზრდასრულ ასაკშიც გაუჭირდება. კომპლექსებით დამძიმებული ადამიანები სამუდამოდ რჩებიან მსხვერპლის როლში, პარტნიორებად კი, მათ ირჩევენ, ვისთანაც ყოველთვის ყვირილით გაარკვევენ ურთიერთობას.
* საკუთარ თავში ჩაკეტვა და ტყუილები – ისევ მუდმივი ყვირილის შედეგია. ბავშვს არ მოსწონს, როცა მუდმივად დაჰყვირიან თავზე, ამიტომ ფიქრობს, რომ უკეთესია დამალოს ცუდი ნიშნები, საკუთარი შეცდომები კი, სხვას გადააბრალოს, რადგან ასე, პრობლემებიც არ შეექმნება.
* მშობლების სიძულვილსაც მუდმივი ყვირილის იწვევს. თუ ბავშვი არ გაპატიებთ გაუცხოებას და დამცირებას, რამდენიმე წელიწადში ის აუცილებლად ეცდება ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეს თქვენთან, ერთობლივ ცხოვრება კი, აუტანელად აქცევს.
როგორ გადავეჩვიოთ ყვირილს:
თუ აცნობიერებთ, რომ ყვირილი გაუმართლებელია და სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას, მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა. რა თქმა უნდა, არ ღირს დეპრესიაში ჩავარდნა ან გაუთავებლად სათამაშოების ყიდვა ბავშვის გულის მოსაგებად, თუმცა აუცილებელია კარგად დაფიქრდეთ, გაანალიზოთ თქვენი ყვირლის რეალური მიზეზი და სცადოთ საკუთარი ქცევის შეცვლა.
* ჩააყენეთ საკუთარი თავი ბავშვის მდგომარეობაში. გაითამაშეთ სცენა, როცა ის მშობელი იქნება თქვენ კი, ბავშვი და მიეცით უფლება მოურიდებლად გიყვიროთ. გაიაზრეთ საკუთარი მდგომარება როცა გიყვიროდნენ და მიხვდებით რას განიცდის ბავშვი.
* გაანალიზეთ საკუთარი ყვირილის მიზეზი. გაიხსენეთ როდის და რატომ უყვირით ბავშვს? მართლია, გასახსენებელი ბევრი გექნებათ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მიზეზი მაინც თქვენ იქნებით, რადგან ყვირილს საკუთარი პრობლემები გაიძულებთ და არა ბავშვის სიჯიუტე.
* შეჰპირდით საკუთარ თავს, რომ აღარ იყვირებთ. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ მოიფიქრეთ ე.წ. „სტოპ-სიტყვები“, რაც საკუთარი ემოციების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.
* როცა იგრძნობთ, რომ ყვირილი გინდათ, უბრალოდ გადით ოთახიდან ან მოძებნეთ ბალიში, რომელსაც მანამდე ურტყამთ მუშტებს, ვიდრე არ დაიღლებით.