LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ არის წინასაარჩევნო გარემო ყველა პარტიისთვის თანაბარი?

124

კორცხელის ინცინდენტი, საარჩევნო სისტემის რეფორმა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ის საკითხებია, რომლებიც წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა. კვლევა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ჩაატარა და ძირითადი ყურადღება წინასაარჩევნო გარემოზე გაამახვილა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საარჩევნი სისტემის დღევანდელი მოდელის ალტერნატივა, რეალური ცვლილებები მაინც არ განხორციელდა.

“თუ არ ჩავცვლით ბარიერის აწევასა და ოლქის საზღვრების შეცვლას, ქმედითი და რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა. არსებული მოდელი არ არის  ბოლომდე სამართლიანი, ის განსაკუთრებულ უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას, ვინაიდან მათთვის უფრო სასურველი თანაფარდობით იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში. კითხვები იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, კერძოდ, საუბნო კომისიების შერჩევის პროცესში” – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

რაც ეხება პრემიერმინისტრის ინიციატივას, პოლიტიკური პარტიებისათვის ქცევის კოდექსის შემუშავების შესახებ, ბენიძის შეფასებით, ინიციატივა კარგია, მაგრამ მხოლოდ სიტყვებისა და დეკლარაციის დონეზე არ უნდა ხდებოდეს.

“უნდა ვხედავდეთ რეალურ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, კორცხელში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე დღემდე არ ყოფილა სათანადო რეაგირება, გაჭიანურდა გამოძიების პროცესიც. გარდა ამისა, მთავრობის მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოყოლია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოძიებას. ეს ფაქტორები წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.