მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძე 3 თვის წინ პატარა მაქსიმეს მამა გახდა. მას და ანანო ჯოხაძეს, ვაჟიშვილის აღზრდაში მშობლები ეხმარებიან. მართალია წელს გიგი “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ ამის მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. შესაძლოა ის მალე უცხოეთშიც წავიდეს სამუშაოდ.
„რასაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვაკეთებდი, შეიძლება ორ ქვეყანაში გავაკეთო. მოლაპარაკებები უკვე იყო, ყველაფერზე შევთანხდმით, ახლა მხოლოდ იმაზეა საუბარი, როდის შევძლებთ ამას. ეს ორი ქვეყანა ახლოს არ არის ერთმანეთთან“ – აცხადებს გიგი ჟურნალ “სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
გიგიმ ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრა, რატომ აღარ იღებენ მონაწილეობას „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ის და გოჩა ჩერტკოევი.
“ფედერაციის წევრების უდიდესი ნაწილი გამოეთიშა პროექტს. ასეთი გადაწყვეტილება თავად მივიღეთ, რადგან ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული. მე პირადად ამ პროექტს იმიტომ გამოვეთიშე, რომ არ მეცალა. როცა ჩემი თავი რაღაც დონეზე დავტვირთე, მეორე მხარეს ყველაფერი ჩამივარდა. ბევრი რაღაც წავაგე. გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენი არყოფნით, ჩვენი ფედერაციის წევრებს არ შევუქმენით ისეთივე შოუ, როგორიც წინა სეზონებზე იყო. არ ვამბობ, რომ შოუ ცუდია, უბრალოდ ამ ყველაფერს ერთად ვქმნიდით მე, გოჩა და მოცეკვავეები. გოჩა ამ პროექტს დააკლდა, მან იცოდა ცეკვაც და შოუს კეთებაც. მან ბევრი რაღაც გადადო და ჩამოვიდა. ამის გამო ბევრ ფულსაც აგებდა, გოჩა არ არის ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფულით წყვეტს რამეს. აქ ურთიერთობებზეა საუბარი. როცა ადამიანი რაღაცას გიკეთებს, შეგიძლია ის ურთიერთობები დაალაგო“ – განაცხადა გიგიმ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.