LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აგროვებენ პარტიები ამომრჩევლის პირად მონაცემებს?

91

პოლიტიკური პარტიების აქტივისტები მოქალაქეებთან მიდიან და მათ პირად მონაცემებს აგროვებენ, ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების იურისტმა, ირმა პავლიაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს არ განუმარტავენ, რა მიზნით იწერენ მათს პირად მონაცემებს.

“მსგავსი ფაქტები დაფიქსირებულია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, კერძოდ, სამეგრელოსა და კახეთში. ძირითადად, სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დევნილები ან სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ გარკვეულ შემწეობას” – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

როგორც საიას იურისტმა აღნიშნა, მსგავსი ფაქტები ფიქსირდება, თითქმის, ყველა აქტიური პოლიტიკური პარტიის აქტივისტების მხრიდან, მათ შორის მმართველი პარტიის. მისი თქმით, საჯარო მოხელეებს სთხოვენ სამსახურებში, რომ მიიტანონ ათასი ადამიანის სია, რომლებიც კონკრეტულად მმართველ პარტიას აძლევენ ხმას და ამ სიის გარდა წარადგინონ პირადობის მოწმობების ასლები.

“სახელი, გვარი და პირადი ნომერი არის პერსონალური მონაცემები და მხოლოდ ინდივიდის თანხმობის შემდეგ შეიძლება ამ მონაცემების შეგროვება. ეს არის ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი ზემოქმედება, რამაც შესაძლოა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ თუ არ სურთ პირადი მონაცემების გამჟღავნება, ამაზე უარის თქმა შეუძლიათ, ხოლო თუ იქნება ძალდატანების ფაქტები, აუცილებლად მიმართო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ჩვენ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ” – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები