ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, მიმდინარე წელს რუსეთიდან გაზის შემოტანა იმიტომ არ ხდება, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მოხმარებას აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირი სრულიად აკმაყოფილებს.
ასე გამოეხმაურა გიორგი ჩიქოვანი ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ რუსეთიდან გაზის შემოტანას საქართველო შესაბამისი თანხის არქონის გამო ვერ ახერხებს, რადგან “გაზპრომის“ მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთმდე გაზის ტრანპორტირებას ყოფნის. აღნიშნულ მოსაზრებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ არასწორი უწოდა.
„ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ თანხით ავიღებთ იმ სერვისის საფასურს, რომელსაც რუსეთს ვუწევთ. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. იმის თქმა, რომ თანხა არ გვყოფნის, არასწორია. ეს არის კონფიდენციალური ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების უფლება არ გვაქვს, თუმცა საქართველოს აქვს საკმარისი ანაზღაურება იმაში, რა სერვისსაც წევს. რუსეთიდან იმიტომ არ ხდება გაზის შემოტანა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ მოხმარებას აკმაყოფილებს ის გაზი, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოდის ორი მიმართულებით – ეს არის „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმი და „სოკარი“. თუმცა ხელშეკრულებაში გვაქვს ის, რომ თუ დაგვჭირდა დამატებითი მოცულობები პიკური მოხმარების ან ავარიის დროს, შეგვიძლია რუსეთიდან შემოვიტანოთ. თუმცა იმის თქმა, თუ რატომ არ მოგვაქვს რუსეთიდან, მემგონი, არ არის სწორი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გასული წლის დასაწყისში „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი, ორწლიანი ხელშეკრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქართველო აღნიშნული სერვისისთვის ფულად ანაზღაურებს მიიღებდა. უფრო კონკრეტულად, 2017 წელს ნაწილობრივ ისევ ნედლეულით ანაზღაურების ფორმა დარჩა, ხოლო წელს მთლიანად ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდა.