LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აძლევს მთავრობა ჩვენს ფულს მათ, ვინც ბინას ყიდულობს?

255
saxlebi

უკვე ერთი თვეა სახელმწიფო აფინანსებს მათ, ვისაც ბინის შეძენა სურს. პროგრამა პანდემიის პირობებში, სამშენებლო სექტორის წახალისებისთვის დაიწყო. დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, საბანკო პროცენტის 4%-იან სუბსიდირებას მოიცავს.

მარტივად, რომ ვთქვათ, თუ ბანკი იპოთეკურ სესხს 12%-ში გაძლევთ 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო გიხდით 4%-ს; თქვენ კი გიწევთ 8%-ის გადახდა.

კიდევ უფრო მარტივად ციფრებში ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: 100 000-ლარიანი სესხიდან, სახელმწიფო აფინანსებს 4 000 ლარს.

 

როდესაც საქმე სუბსიდირებას ეხება, ყოველთვის გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბიუჯეტიდან ფული, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან გამოიყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის სუბსიდირებაში, მონაწილეობას ნებით თუ უნებლიედ, ჩვენც ვიღებთ.

სწორედ ამის გამო სვამს სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვებს, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. არასამართლიანობასთან ერთად, კეპულაძე თვლის, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს არ მოგვცემს. 

 

“კონკრეტული ადამიანებისთვის და სამშენებლო ბიზნესისთვის ეს რა თქმა უნდა, კარგი იქნება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს სუბსიდირება ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან უნდა განხორციელდეს, სწორედ აქ მოვდივართ წინააღმდეგობაში.

რამდენად სამართლიანია ეს სუბსიდირება, როცა იპოთეკურ სესხს უფინანსებს საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს, შესაძლებელია ისინიც, ვისაც მათზე დაბალი შემოსავალი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს არ მოგვცემს. გაიზრდება საბანკო იპოთეკური სესხები, სამშენებლო ბიზნესში კი ფასები არ შემცირდება, ყოველშემთხვევაში წელს,” – ამბობს გიორგი კეპულაძე ფორტუნასთან.

 

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია კი სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს, ცალსახად დადებითად აფასებს და თვლის, რომ სუბსიდირება მეტიც შეიძლება ყოფილიყო, იმისთვის რომ წახალისების ეს მექანიზმი კიდევ უფრო ეფექტიანი აღმოჩენილიყო.

რაც შეეხება “ჩვენი ჯიბიდან” მდიდრების დაფინანსებაზე არსებულ კითხვებს, ექსპერტი ამბობს, რომ საკითხი ასე არ დგას.

“მე მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ ის 4% რომელიც ამ მიზნისთვის გამოიყო, არის მცირე და შესაძლებელი იყო მისი უფრო გაზრდა და ფიზიკური პირებისთვის მეტი სტიმულის მიცემა.

იყო მოსაზრებები, რომ ღარიბების ხარჯზე ვაფინანსებთ მდიდრებს, ეს სავსებით არასწორი პოზიციონირებაა ამ საკითხის, იმიტომ რომ ვისადაც ბინის შეძენის შესაძლებლობა აქვს – ის საშუალო და მაღალი ფენა, სწორედ ისინი იხდიან ყველაზე მეტს ბიუჯეტში. მათაც რომ რაღაც წილი დაუბრუნდეთ უკან, არავითარ შემთხვევაში არ არის დანაშაული.

ეს ადამიანი, რომელსაც ჩვენ 4%-ს ვაძლევთ სახელმწიფოდან, თავის მხრივ დიდ ტვირთს იკიდებს, თავის წილ პასუხისმგებლობას დებს ამ ყველაფერში.

ეს ადამიანები თავისი კონტრიბუციით 100 ათასზე მეტი ადამიანს უნარჩუნებს სამსახურს. ანუ ჯაჭვური რეაქციით აფინანსებს მთელ ეკონომიკას. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტს ამით უბრუნდება უფრო მეტი, ვიდრე გასცემს,” – განმარტავს ექსპერტი.

 

ჭარაიას აზრით, ის რომ იპოთეკური სესხები არ შემცირებულა, ნიშნავს იმას რომ სუბსდირებამ შედეგი უკვე გამოიღო. 

“იპოთეკური სესხები ჩვეულებრივი ტემპით აგრძელებს მუშაობას. არ გვქონია სამშენებლო ინდუსტრიის გაჩერება, პირიქით ახალი სამშენებლო ობიექტებიც კი ემატება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოთხოვნა არ არის შეჩერებული. სახელმწიფოს რომ არ დაეფინანსებინა, რაღაცა დოზით მაინც შეინარჩუნებდა სიცოცხლისუნარიანობას ეს ინდუსტრია, თუმცა გარკვეული დანაკარგები იქნებოდა,” – განმარტავს ექსპერტი.

 

რატომ სამშენებლო ინდუსტრია?

“სამშენებლო ინდუსტრია კრიზისების დროს, ყველაზე მეტად განიცდის როგორც წესი ზეგავლენას. როცა კრიზისია, საზოგადოება არ ფიქრობს უძრავი ქონების შეძენაზე და ამ დარგს ეგრევე ეტყობა მშენებლობის შეჩერებით. სხვადასხვა კრიზისების დროს, გვახსოვს ბევრი ასეთი გაჩერებული ობიექტი და შემდეგ ამის გამოცოცხლება, ბევრად მეტი ჯდება ვიდრე ეს სუბსიდირება,” – განმარტავს ჭარაია.

 

რა პირობებია და ვის  ეხება იპოთეკური სესხის სუბსიდია:

 

  • იპოთეკური სესხის სუბსიდირება მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებში შეძენილ ბინებზე ვრცელდება.
  • იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი – 240 თვე.
  • პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.
  • სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 2020 წლის 31 დეკემბერია.
  • თუკი ბინის ღირებულება 200 000-ს აჭარბებს, შესაბამისი თანამონაწილეობის არსებობის შემთხვევაში, სუბსიდირება 200 000 -ს მაინც შეეხება.
  • სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა 2020 წლის 20 დეკემბერია.
  • სუბსიდირების პროგრამა დეველოპერული კომპანიების მიერ განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზეც ვრცელდება.
  • სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება — 4%;
  • სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);
  • სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები