რატი დურგლიშვილი „ოქროს ტალღაზე“ ორი სიმღერითაა წარდგენილი – „ქაღალდის ნავი“ და „მითხარი, ვინ ხარ“. მომღერლისთვის გასულ და წლევანდელ წელს უქმად ნამდვილად არ ჩაუვლია. ახალი ალბომი, სიმღერები, კლიპები… მუშაობას ახლაც აგრძელებს და მცირე ხნის წინ დაბრუნდა მილანიდან, სადაც ხმის ჩამწერ სტუდიაში სამი ახალი კომპოზიცია ჩაწერა.
რატი დურგლიშვილი:
რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, რომ ეს კონკურსი არსებობს და უდიდესი სტიმულია, რომელიც მომღერლებს ძალიან სჭირდებათ. ვისურვებდი, რომ „ოქროს ტალღა“ სატელევიზიო კონკურსად გადაიზარდოს, რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, რომ „ემ-თი-ვის“-ს დონის მუსიკალური დაჯილდოება გვქონდეს, მაგრამ მესმის, რომ ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდება, თუმცა ტელევიზიის ჩართვა ამ დაჯილდოებას ძალიან წაადგებოდა.
ვიცი, რომ წელს ნომინაციები დაემატა და ამას მივესალმები. წარმატებას ვუსურვებ „ოქროს ტალღას“ და ყველა მის მონაწილეს. კოლეგების მიმართ დადებითი დამოკიდებულება მაქვს და ნებისმიერი მონაწილის გამარჯვება გამიხარდება. რაც შეეხება ჩემს სიმღერებს, ჯერ სოციალურ ქსელში არ გამიზიარებია ინფორმაცია კონკურსის შესახებ, მაგრამ ხმები აქვს უკვე, რაც მოულოდნელი იყო ჩემთვის და ძალიან გამიხარდა. ზოგადად, არასდროს, არც ერთ კონკურსში არ მითხოვია არავისთვის, მხარი დამიჭირეთ-მეთქი. ასე რეალურ სურათს ვერ დაინახავ. მეგობრული გვერდში დგომის გარეშე უფრო საინტერესოა, ვინ რამდენ ხმას დააგროვებს ალბათ, თუმცა რადგან ყველა შემსრულებელი აზიარებს, მეც დავდებ ჩემს გვერდზე.
ზოგადად, გავიმარჯვებ თუ არა, მესამეხარისხოვანია, ჩემთვის მთავარია, მსმენელს მოვწონდე და უყვარდეს ჩემი სიმღერები. კარგია, რომ „ხალხის რჩეულის“ ნომინაცია არსებობს, რაც მსმენელის სიმპათიას გამოავლენს.