„პირდაპირ საცობიდან „ავტორადიოს“ სტუდიაში“ – ასე დაიწყო საუბარი გადაცემაში „VIP ზონა“ მომღერალ რატი დურგლიშვილთან. საინტერესოა ისიც, რომ რატი პირველად სტუმრობდა „ავტორადიოს“. სხვათა შორის, სტუმარმა საცობების გამო გადაცემაზე ცოტა დააგვიანა, თუმცა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს… საცობები. „ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი ტემპია. ვმრავლდებით და ეს ძალიან კარგია. ხალხმრავლობა მიყვარს, შესაბამისად, დედას გეფიცებით, ძალიან მიყვარს საცობები (იღიმის). ბევრჯერ მომხდარა ასეთი კურიოზი. ჩემზე საუბრობდნენ რადიოში, როდესაც საცობში ვიყავი და ბევრს მოუკაკუნებია, გადართე, რადიოში ლაპარაკობენ შენზეო. ასე ბევრი ადამიანი გავიცანი. და კიდევ ერთი მოწოდება, არ დაასიგნალოთ საცობისას“ – ამბობს მომღერალი.
გადაცემაში მან თავის შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა. მის ალბომზე მუშაობა ევროპაში მიმდინარეობს, უცხოელ პროდიუსერებთან ერთად, უამრავ რადიოში ჟღერს და კიდევ უამრავი წარმატების მოლოდინშია, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ზოგიერთი მისი კოლეგა რატის საზღვარგარეთ კარიერას ეჭვის თვალით უყურებდა და ეს თავად მომღერლისთვისაც უთქვამთ, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
ევროპაში ყოფნისას, ერთ-ერთ სასტუმროში ის სტივ ტაილერსა და მაილი საირუსს შეხვდა, თუმცა მათთან მისვლა და ფოტოების გადაღება ვერ გადაწყვიტა.
რატიმ გადაცემაში მარადიულ კითხვასაც უპასუხა მასთან დაკავშირებით, ჰყავს თუ არა შეყვარებული. თქვა, რომ მასთან ჯერ სიყვარული არ მისულა და მეორე ნახევარს ეძებს.