ალექსის სანჩესმა „მანჩესტერში“ 34 მილიონი ევრო იშოვა 25 მატჩში.
სამაგიეროდ ჩილელმა იმის ნახევარიც ვერ აჩვენა, რასაც მისგან ელოდნენ. ფული კი დაუჯერებელი ოდენობის აუღია.
Daily Mail დაეყრდნო Football Leaks-ის მონაცემებს და გამოთვალა სანჩესის შემოსავალი ჩავარდნილ 2018/19 წლების სეზონში. „ჩელსისთან“ ბოლო მატჩამდე ალექსისმა 34.6 მილიონი ევრო იშოვა, ამ თამაშის შემდეგ კი თანხა კიდევ 86 ათასი ევროთი უნდა გაზრდილიყო. ამასთან, ჩილელმა „იუნაიტედში“ ყველა ტურნირზე სულ რაღაც 25 მატჩი ითამაშა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე პასი.
Football Leaks-ის მონაცემებით, ალექსისი კვირაში 452 ათას ევროს იღებს, 86 ათასს სასტარტოში თუ მოხვდა. გარდა ამისა, ფეხბურთელმა 1.2 მილიონი ევრო მიიღო საკონტრაქტო ბონუსად.
კონტრაქტში სხვა ბონუსებიცაა გათვალისწინებული, მაგრამ სანჩესი ამდენის გამკეთებელი ნაღდად არ არის: 2.3 მლნ ევრო თუ 40 ქულას მოაგროვებდა გოლი+პასის სისტემით; 1.1 მლნ ევრო ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის; 579 ათასი კი ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში.