უამრავი ამერიკელი ყოველდღიურად წერს „გუგლში“ კითხვას : თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს, რა სტატუსი ექნება ბილ კლინტონს?
აშშ-ს აქამდე მხოლოდ მამაკაცი პრეზიდენტები ჰყავდა, მათ მეუღლეებს კი „პირველ ლედის“ უწოდებდნენ, ამიტომ, ჰილარის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკელები ბილ კლინტონის სახელთან დაკავშირებით დილემის წინაშე იქნებიან.
მართალია, ამერიკას ჯერ ქალი პრეზიდენტი არ ჰყოლია, თუმცა ქვეყანაში უკვე არის შტატების ქალი გუბერნატორების ქმრებისთვის ტიტული – პირველი ჯენტლმენი. ახლა აშშ-ს ექვსი „პირველი ჯენტლმენი“ ჰყავს.
საკითხზე მსჯელობა ამერიკელებისთვის ყველაზე აქტუალური „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობის დროს ბილ კლინტონის გამოსვლისას გახდა, „ტვიტერზე“ მხოლოდ ამის შესახებ წერდნენ და საძიებო სისტემა „გუგლშიც“ განაცხადეს, რომ ამ მომენტში კლინტონის შესაძლო სტატუსზე ინფორმაცია ყველაზე მეტმა ადამიანმა მოიძია.
როდესაც თავად ჰილარის კითხეს, რა იქნება ბილის სტატუსი, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში თავად გაიმარჯვებს, კლინტონმა პასუხი ვერ გასცა.
„პირველი მამაკაცი, პირველი მეუღლე, პირველი ჯენტლმენი… არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია“.
აშშ-ში პრეზიდენტის ტიტული ყოფილ პრეზიდენტებსაც სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდებათ. ეს კი ნიშნავს, რომ ჰილარი კლინტონის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბილ კლინტონს კვლავ ასე მიმართავენ „ბატონო პრეზიდენტო!“