LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უკავშირდება ყოველდღიურად ამდენი გარდაცვალება, ეს ინდივიდუალურ ანალიზს საჭიროებს და კლინიცისტები ამ მიმართულებით მუშაობენ: თამარ გაბუნია

89
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის “დელტა” შტამის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება, ვერ ვიტყვით, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი სწორედ აღნიშნული შტამის მატებას უკავშირდება.

მისი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში, 26 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი ძალიან საყურადღებოა და ამაზე კლინიკური ჯგუფი ინდივიდუალურად (შემთხვევებზე) მუშაობს.

„რას უკავშირდება ყოველდღიურად ამდენი გარდაცვალება, ეს ინდივიდუალურ ანალიზს საჭიროებს და კლინიცისტები ამ მიმართულებითაც მუშაობენ, თუმცა, რომ გითხრათ, რომ დელტა შტამმა გაზრდილი ლეტალობა გამოიწვია, ასე ვერ გეტყვით,“ – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ საბედნიეროდ, შემთხვევების დიდი ნაწილი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, კლინიკოსები დელტა შტამის ცირკულაციასთან დაკავშირებით, მძიმე და შედარებით გახანგრძლივებულ მიმდინარეობასაც აღწერენ.

„თუ აქამდე, 20%-ზე ვსაუბრობდით, ახლა შესაძლოა დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი 40-50%-იც იყოს. ევროპის ქვეყნებში კი, დელტა შტამი, სხვებს თითქმის ანაცვლებს, ასე რომ ჩვენთანაც მსგავსი სიტუაციაა.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ერთია ლეტალური შემთხვევა და მეორეა, რამდენად უკავშირდება ის უშუალოდ კოვიდს, ასეთი სტატისტიკა არ გვაქვს.

ლეტალობის მაჩვენებელი 1.4 პროცენტი გვაქვს, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია და არც გაზრდილა. რა თქმა უნდა, ციფრებში 26 გარდაცვალება ძალიან საყურადღებოა, მაგრამ თუ სტატისტიკური ანალიზი გვსურს, რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ამ მხრივ, ჩვენ ვერ აღვწერთ.

მეორე არის ის, რამდენად არის შესაძლებლობა კლინიკური მართვისთვის და რაზე მუშაობს ის – დღეს კლინიკოსებს გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე პირველი და მეორე ტალღის დროს,“ – აღნიშნა გაბუნიამ.

ამასთან, ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე – როდის შეძლებს „ფაიზერით“ აცრის მსურველი ხარვეზის გარეშე რეგისტრაციის გავლას, გაბუნიამ ასე უპასუხა:

„დღეს მეც მჭირდებოდა მეორე დოზა და ვერ დავრეგისტრირდი, მაგრამ ხვალ დილამდე ეს საკითხები მოგვარდება.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები