“ინფიცირების 20 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო უცნობია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, დანარჩენი 16 შემთხვევიდან 8-ს დადასტურებულად ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 7 შემთხვევა კი იმპორტირებულია, რომელთაგან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ოთხ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 262 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, 16-ის კი მძიმეა. ერთ-ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
“გამოჯანმრთელდა მხოლოდ 9 ადამიანი. იყო 1 270 და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1 279. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი კვლავ 81.6%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. 262 შემთხვევიდან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე პაციენტია. დანარჩენი პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მცირე ნაწილის კი მსუბუქი მიმდინარეობის. ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 1 პაციენტია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერს მხოლოდ 1 ინფიცირებული პაციენტი მიეკუთვნება. მისივე განცხადებით, ტესტირება საკონდიტროს ინფიცირებული თანამშრომლების 600 კონტაქტს ჩაუტარდა. ეზუგბაიას თქმით, გუშინ სასტუმრო ჩაქვის ოაზისში ტესტირებისთვის 806 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს, ხოლო ბათუმის ბულვარში არსებულ კარვებსა და ქალაქის პოლიკლინიკებში – 1762. კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალს, ეზუგბაიას ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი რუსთავის “ავერსის” კლინიკის თანამშრომელია.
შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1568-ს მიაღწია.